ფოკუსი

პატრიარქის დროით

რამდენიმე, ერთმანეთთან მებრძოლი დრაკონი განასახიერებს putrefactio-ს, ელემენტების გაყოფისა და ფსიქიკური დეზინტეგრაციის მდგომარეობას. ფრთოსანი დრაკონი ცვალებად ელემენტს აღნიშნავს, მაშინ როდესაც უფრთო დრაკონი რაღაცა მდგრადის, მყარის, მუდმივის სიმბოლოა.
— ალქიმიური სიმბოლიკის შესახებ

გაკურთხებთ, წეროთ ზღაპრები.
— ილია მეორე

ამასწინათ პატრიარქი პრემიერს ესტუმრა და ძვირფასი მაჯის საათი უბოძა. ამაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ, თავი დავანებოთ საათის ღირებულებას, მით უმეტეს, რომ მილიარდერისა და უწმინდესისთვის 30 ათასი ლარი შეიძლება 30 ლარის ტოლფასი იყოს. არც იმის განხილვას შევუდგეთ, შეეძლო თუ არა, კანონმდებლობის მიხედვით, ივანიშვილს ამ ღირებულების ძღვენის მიღება. ასევე უპასუხად დავტოვოთ კითხვა, რამდენი მშიერი ბავშვი დაპურდებოდა საათის ეკვივალენტური თანხით. ამას აზრი არ აქვს. ბოლო-ბოლო, არანაირი სამართლებრივი ვალდებულება, გარდა სინდისისა და ქრისტიანული მორალისა, პატრიარქს არ აიძულებს, იყოს ქველმოქმედი. თავის დოვლათს, ნებისმიერი მოქალაქის მსგავსად, იგი იქითკენ მიმართავს, საითაც თვითონ მოეხასიათება.

ამჯერად, საჩუქრის მხოლოდ სიმბოლური შინაარსი განვიხილოთ. მოვლენების სიმბოლურ შრეზე აღქმა, ზოგადად, რელიგიის და, განსაკუთრებით, მართლმადიდებლობის განუყოფელი მახასიათებელია. ეკლესია სიმბოლოებს ფაქტობრივად აცოცხლებს, ეგზისტენციურ შინაარსს სძენს მათ. მართლმადიდებლური ყოფა-ცხოვრების, ჩაცმულობის, ლიტურგიის უკლებლივ ყველა დეტალი სიმბოლიზმითაა გამსჭვალული, სადაც ნებისმიერ საგანსა და მოქმედებას თავისი ტროპული განზომილება აქვს. ეკლესიისთვის ხილულის მიღმა უხილავი შინაარსის ხედვა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ემპირიული სინამდვილე. ილია მეორეც მოვლენების ამგვარი, მძაფრი სიმბოლიზაციისკენ არის მიდრეკილი.

მაგრამ თუკი საპატრიარქო საჩუქრების საჯარო ნუსხაში, როგორც წესი, აქამდე, რელიგიური ნივთები იყო – ხატები, პანაგიები, წმინდა წიგნები, ჯვრები, წმინდანთა გამოსახულებიანი მედალიონები, მათი სხვადასხვა ნაწილები, ერთი სიტყვით, რელიგიური რელიკვიები, ივანიშვილისთვის გადაცემული ძღვენი აშკარად საერო, სეკულარული ხასიათისაა. უფრო მეტიც, ციფერბლატიანი საათი ნეგატიურ სემანტიკას შეიცავს – იგი წუთისოფლის ამაოებაზე, ყოველივეს წარმავლობაზე მიანიშნებს. ისრების ნერვული წიკწიკი ავისმომასწავებელი ფატალიზმის ხატია – დროის მკაცრ დინებას ვერავინ გაუსხლტება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ობიექტურად, ეს ნივთი ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სჭირდება და მისთვის, მატერიალურად თუ კულტურულად, სრულებით უსარგებლოა, მაშინ ცხადი უნდა იყოს, რომ ჩუქების აქტის სიმბოლური კონოტაცია უპირატესია.

შესაძლოა, ამ საჩუქრით პატრიარქმა პრემიერს აგრძნობინა, რომ მისი დრო იწურება, იგი პოლიტიკური არენიდან გადის, ხოლო ქვეყანა ილია მეორეს, როგორც ერთადერთ გაუხუნებელ ავტორიტეტს რჩება. შეიძლება, პატრიარქმა ივანიშვილს უთხრა, რომ მალე თავისი პოლიტიკური ლიდერების კოლექციაში დაიკავებს ადგილს, ისევე როგორც წინამორბედები: შევარდნაძე, გუმბარიძე, პატიაშვილი, სააკაშვილი, რადგან ეკლესიის მეთაურის ძალაუფლება მარადიულია, ხოლო ივანიშვილის, მილიარდების მიუხედავად – წარმავალი. გამორიცხული არ არის, ისიც მიენიშნებინა, რომ ეკლესიის მიერ უკვე დაკავებულია პოლიტიკის კულუარები და პრემიერის წასვლის შემდეგ საპატრიარქოს ღია ბატონობას წინ ვეღარავინ გადაუდგება.

თუკი საათის ჩვენეული ეგზეგეზისი რეალობას ასახავს, მაშინ, აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ პრემიერისა და პატრიარქის ურთიერთობაში ყველაფერი რიგზე არ უნდა იყოს. ამაზე მართლაც თამამად შეიძლება ლაპარაკი. ასე მაგალითად, საახალწლოდ, საპატრიარქოში, ილია მეორის, სააკაშვილისა და ივანიშვილის სერობისას, ეს უკანასკნელი უწმინდესს გაეხუმრასავით, რომ მას მიშა უფრო უყვარს და საკმაოდ ფამილარულად მოუწოდა, ჯერ პრეზიდენტი გაეცილებინა. არ არის ძნელი წარმოსადგენი, როგორი უნდა იყოს პრემიერის დამოკიდებულება ადამიანისადმი, რომელსაც თავისი უზომო ზიზღისა და სიძულვილის მთავარი ობიექტის სიყვარულს თუნდაც ხუმრობით აბრალებს.

გარდა ამისა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში არ მახსენდება სხვა შემთხვევა, რომ მთავრობის მეთაურს საჯაროდ, ზედიზედ რამდენჯერმე გაეკრიტიკებინა საპატრიარქო. ივანიშვილმა სხვადასხვა დროს და მიზეზით განაცხადა, რომ ეკლესიაში არის პრობლემები, რომ ეკლესიის მესვეურები ცუდად ერევიან საერო საქმეებში. ასევე, მიუხედავად სამღვდელოების უმკაცრესი და შეუვალი პოზიციისა, ლგბტ ადამიანების უფლებათა დაცვაზე პირდაპირ ლაპარაკსაც არ მოერიდა. კიდევ ისიც თქვა, რომ მკაცრად დაისჯებოდნენ სამღვდელო პირები, რომლებიც ძალადობდნენ 17 მაისს. სულ სხვა საკითხია, რომ პრემიერის სიტყვა ერთია და საქმე, რბილად რომ ვთქვა, მეორე და 17 მაისის თუ ჭელის მოვლენებიდან გამომდინარე, უფრო იმას ვმარჩიელობთ, დამყარდა თუ არა თეოკრატია.

იმისთვის, რომ გავიგოთ, მართლა გვემუქრება თეოკრატია თუ არა, გავიგოთ, პერსპექტივაში, რას შეიძლება მოასწავებდეს პატარა საჩუქრის ეს სიმბოლური ჟესტი, თვალი გადავავლოთ ჩვენს 20-წლიან პოლიტიკურ ისტორიას. მშობლიური წარსულის აღსაწერად ყველაზე ადეკვატური რამდენიმე ისეთი ცნება მგონია, რომელიც შესაძლოა გამოუსადეგარი იყოს აკადემიური ანალიზისთვის, მაგრამ ქართული პოლიტიკის გენეოლოგიაც არ წარმოადგენს პოლიტიკას ამ ცნების სუფთა აკადემიური გაგებით – ისიც უხვადაა გაჯერებული მითების, ზღაპრების, რიტუალების, ანეკდოტებისა და სავსებით რეალური აპოკალიპტური კოშმარების ლოკუსებით.

მითის დაბადება

90-იანი წლებიდან დღემდე პატრიარქმა ქვეყნის რამდენიმე მეთაური გამოიცვალა, რომლებთანაც სხვადასხვანაირი ურთიერთობა ჰქონდა. გამსახურდია ცდილობდა, საკუთარი ქარიზმით სრულად გადაეფარა მაშინ ჯერ კიდევ ძალიან სუსტი საეკლესიო ავტორიტეტი, მეტიც, პოპულარობის გაზრდისა და ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის მან თავის თავში სცადა შეერწყა რელიგიური და საერო მმართველობითი საწყისები, უშუალოდ გამოეყენებინა ის შესაძლებლობები, რაც რელიგიას ჰქონდა და განზე გაედგა პატრიარქი. დასამალი არაა, რომ გამსახურდია საპატრიარქოს მესვეურებს, მათ შორის, ილია მეორესაც, წლების განმავლობაში სუკის აგენტებად მოიხსენიებდა და ახალ საპატრიარქო კანდიდატურას ეძებდა. ამიტომაც, კათოლიკოსი მაშინ თავად ჩაება ანტიზვიადისტურ მოძრაობაში. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, იგი არათუ არ შეეწინააღმდეგა, არამედ, რეალურად, მხარი დაუჭირა პრეზიდენტის დამხობას. სწორედ ამ აქტიურობის შედეგად, უწმინდესსა და უნეტარესს გამსახურდიას მომხრეები „უსუკესად და უხუნტესად" მოიხსენიებდნენ ხოლმე.

The reburial of Zviad Gamsakhurdia. Svetitskhoveli cathedral, March 2007
მთლიანობაში, გამსახურდიას დრო შეიძლება დახასიათდეს, როგორც მითის ხანა, რადგან მის წიაღში დაიბადა ის მთავარი არქეტიპები, რომლებმაც ქართული პოლიტიკისა და საზოგადო ცნობიერების განვითარება თუ განუვითარებლობა კარგა ხნით განსაზღვრა – ერთი მხრივ, რელიგიაზე დაფუძნებული სახელმწიფოსა და ეთნომართლმადიდებლური სამოქალაქო იდენტობის იდეა, ხოლო, მეორე მხრივ, ავტორიტარიზმისა და დემოკრატიის ურთიერთგამომრიცხავი თანაარსებობა. ამასთანავე, გამსახურდიამ შექმნა პოლიტიკური ხატი გამორჩეული, უნიკალური მისიის მქონე ერისა, რომელსაც მსოფლიოსთვის ახალი, მესამე, სულიერი გზა უნდა ეჩვენებინა.

იმდროინდელ პოლიტიკურ პანთეონში სწორედ ეს სახიფათო ღვთაებები განლაგდნენ მოწინავე პოზიციებზე და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ კიდევაც ყველას და ყველაფერს. შედეგად, ქართული ოლიმპოს მთა, რაკი მან ვერ დააღწია თავი საკუთარ რომანტიკულ მითოსურობას, რაკი ვერ გარდაიქმნა ისტორიულ პროცესად – ფატალურად დაემხო და „ოქროს ხანის" მუდმივ ტრაგედიად შემორჩა მომავალს. ღმერთების ამ ომში, საპატრიარქო, ორასწლიანი წყვეტის შემდეგ, კვლავ დაიბადა, როგორც პოლიტიკის, მართალია, ჯერ კიდევ სუსტი, მაგრამ განუყრელი თანაავტორი. ეპიკური პაექრობიდან დამარცხებულ მეტოქეს მან მეტისმეტად ძვირადღირებული ნადავლი – ქართული იდენტობის მარკერი და მესიანიზმი – ერთგვარი ოქროს საწმისი გამოსტაცა, ან, არ ვიცი, შეიძლება, უკან დაიბრუნა კიდევაც.

რელიგიის აღმოჩენა

შევარდნაძის დროს მითი რელიგიის აღმოჩენით შეიცვალა. იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი მინისტრი ახლა უკვე პოზიციონირებდა, როგორც პოლიტიკური მოსე, რომელსაც საბჭოთა ტყვეობიდან გამოსული და თავგზააბნეული საქართველო ჯერ რაიმენაირად კანონის კალაპოტში უნდა მოექცია და შემდეგ აღთქმული მიწისკენ, დემოკრატიული დასავლეთისკენ წაეყვანა. ამ დროის მოდუს ვივენდი იყო უდაბნოში უგზოუკვლოდ ხეტიალი, რათა ადრე თუ გვიან მიზნამდე მიღწევა გამხდარიყო შესაძლებელი. „გვირაბის ბოლოს შუქი მოჩანს" – ეს იყო შევარდნაძის პოლიტიკის ზუსტი თვითგანსაზღვრა, მისი ზუსტი მეტაფორა.

Illia II, Boris Yeltsin and Eduard Shevardnadze. Tbilisi, 1994
გადატრიალების შედეგად მოსულ მოსეს, როგორც ერის ლიდერს, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა დამატებითი საყრდენი – რელიგია, უფრო სწორად, მისი კონკრეტული ლეგიტიმაციური ფუნქცია, სჭირდებოდა ძმა აარონი – მღვდელმთავარი, რომელიც მხარში ამოუდგებოდა, შექმნიდა მისი პრაგმატული, ისტორიული გზის საკრალურ ორეოლს, უზრუნველყოფდა მისი პოლიტიკური ნაბიჯების გამართლებას. ამ სამსახურს ბატონ ედუარდს, მისი ძველი „კოლეგის", „უსპეტაკესის" (ასე მოიხსენიებდა ხოლმე) გარდა, სხვა ვერავინ გაუწევდა, მაგრამ ისევე, როგორც ეგვიპტიდან გამოსვლის ისტორიაში, მათ შორისაც გაჩნდა კონფლიქტი. ბიბლია მოგვითხრობს, რომ მაშინ, როდესაც მოსე სინას მთაზე უხილავ ღმერთს ელაპარაკებოდა და კანონებს იღებდა, ქვემოთ აარონმა ოქროს კერპი აღმართა, კერპთაყვანისცემაში გადაეშვა და ისევ მონობის უღლის დადება მოინდომა. დაახლოებით ასე მოხდა საქართველოშიც. მაშინ, როდესაც შევარდნაძე უშუქო ქვეყანაში ევროპასთან ინტეგრაციაზე ალაპარაკდა, პატრიარქმა აღმართა „ივერიის გაბრწყინების" კერპი, გამოეთიშა დასავლურ საქრისტიანოს და რუსეთისკენ აიღო გეზი.

ამ პერიოდში, საპატრიარქოს ინტენსიური მოთხოვნებისა და შევარდნაძის წინდაუხედაობის შედეგად, ქართული კონსტიტუცია, ანუ სამოქალაქო სჯული ეკლესიისა და სახელმწიფოს ოპოზიციური წყვილით, მათი ერთგვარი ქორწინებით დამძიმდა, რადგან მან მოიცვა ორი ტექსტი, საერო კანონი და, მეორე მხრივ, კონკორდატი, რომლითაც კანონის ზემოქმედების არეალიდან გავიდა პატრიარქი. ამ დიქოტომიურობის გამო კონსტიტუცია მუდმივად იძლეოდა არასასურველი ინტერპრეტაციების საშუალებას. მაგალითად, იგი შემდეგნაირად შეიძლება ყოფილიყო წაკითხული: ეკლესია წარმოადგენს სახელმწიფოს სახელმწიფოში, ან ასე: სახელმწიფო შედგება ეკლესიისა და, საკუთრივ, სახელმწიფოსგან.

საბოლოო ჯამში, ქართული რეალობის უდაბნოში ხეტიალის დასასრულს, საპატრიარქო ჩამოყალიბდა იდენტობის მწარმოებელ თუ მომწოდებელ ორგანოდ, პოლიტიკის ლეგიტიმაციის ძირითად წყაროდ, ერის მთავარ მაკონსოლიდირებელ ძალად, ხოლო მართლმადიდებლობა სარწმუნოებიდან ტოტალიტარული ხასიათის იდეოლოგიურ კერპად გადაიქცა, რომელიც არსობრივად დაუპირისპირდა აღთქმული მიწის – ლიბერალურ-დემოკრატიული დასავლეთის იდეას.

ზღაპრის ჟამი

ზღაპრის დრო იწყება რეალური დროის, ზოგადად, რეალობის ზღვარზე, მაშინ, როცა სასიცოცხლოდ აუცილებელია ცვლილებები, რომლებსაც ისტორიის განვითარების შინაგანი ლოგიკა გკარნახობს, მაგრამ მათი მიღწევის საშუალებები რეალური შესაძლებლობის მიღმაა. ზღაპრის სიუჟეტს კრავს გზა და ამ გზაზე მიმავალი გმირი, რომელიც საბოლოო მიზანს აღწევს იმით, რომ არღვევს ტაბუებს, არ ერიდება პრინციპულ კონფლიქტებს, ხიფათებთან შეჭიდებას, მუდმივ რისკსა და ცვალებადობას, მიზნის მისაღწევად იყენებს ათასგვარ ხრიკსა და ჯადოსნურ მანქანებს, მაგრამ არასოდეს ღალატობს სიკეთეს. გმირმა რომელიმე მზეთუნახავის გათავისუფლების შედეგად, რეალობაში თვისობრივი სიახლე უნდა შემოიტანოს და სახლში დაბრუნდეს.

ზღაპრის ეპოქა პატრიარქის ძალაუფლებისთვის აქამდე ჯერჯერობით ყველაზე მძაფრი გამოწვევა იყო, რადგან, პირველ ეტაპზე, სააკაშვილის მთავრობამ სცადა საპატრიარქოსთან დისტანცირება: შეცვალა თითქმის ყველა დისკრიმინაციული კანონი, დაიჭირა რელიგიური მოძალადეები, წამოიწყო მოდერნიზაცია, კარი გაუხსნა კულტურულ და ღირებულებით უნივერსალიზმს, მხარი დაუჭირა ლიბერალური განწყობების გაძლიერებას, დეკლარაციულიდან რეალური გახადა დასავლური ორიენტაცია და რელიგიაში შეფუთულ ეთნიკურ შოვინიზმს სამოქალაქო ნაციონალიზმი დაუპირისპირა. ამ ახალ ნაციონალურ ნარატივში პატრიარქმა საკუთარი პერსონა მისთვის მისაღებ, გამორჩეულ, სამეფო ტახტის თანაბარ პოზიციაზე, როგორც ჩანს, ვერ დაინახა და ეს ყველაფერი, ეკლესიის გავლენის შესუსტებად, მისი დაკნინების მცდელობად აღიქვა.

უცნაური სულაც არ არის, რომ პატრიარქის ძალაუფლებამ აქ, ზღაპრის ჟამში, მიაღწია პიკს, რადგან ამ დისტანციით გამოწვეული უზომო ეჭვიანობის გამო, ნებით თუ უნებლიეთ, იგი ნამდვილ მონსტრად გარდაისახა, რომელიც მთელი თავისი მძლავრი იდეოლოგიური აპარატით და მართლმადიდებლური მონარქიის აღდგენის იდეით დაუპირისპირდა უკვე არა მარტო სააკაშვილს, არამედ სეკულარული, ლიბერალური, რესპუბლიკური სახელმწიფოს იდეას, სამოქალაქო ნაციონალიზმს კი მისი სუროგატი შეუწონა, რომელიც, პირველხატისგან განსხვავებით, ანტიდასავლური და ჩრდილოეთზე ორიენტირებული იყო. მარტივად რომ ვთქვა, პატრიარქმა შექმნა ზღაპრული, პროგრესული, თანამედროვე საქართველოს ვირტუალური ალტერნატივა, მისი ორეული, სადაც ცენტრალურ როლს თვითონ ასრულებდა.

საინტერესო ისაა, რომ თუ ზღაპრის მთავარი გმირი შეუჩერებლად მოძრაობდა და ქარიზმასაც ასევე შეუჩერებლად ფლანგავდა, საპატრიარქო ამ ჯადოსნურ კაპიტალს სწორედ უძრაობით იკრებდა. ის ერთგვარი მთვლემარე დრაკონი გახდა, რომელიც იცავდა წყაროსთვალს – იმ ძველ, ჯერ კიდევ გამსახურდიასდროინდელ, მითიურ იდენტობას, რომელიც ქართველობას მართლმადიდებლობასთან აიგივებდა და საკრალური ფშვინვითა და თავისი ქერცლის თვალისმომჭრელი ბზინვარებით სულ უფრო და უფრო მეტ მოქალაქეს აჯადოებდა.

ეს დაახლოებით ის ამბავია, როცა რასაც ებრძვი, ძლიერდება, ერთ თავს აჭრი და ორი ამოსდის, ან გაიძულებს, შენც შინაგანად მას დაემსგავსო და უკვე საკუთარ თავს დანებდე. სააკაშვილი გამუდმებით იმეორებდა, რომ ებრძოდა მუმიებს, ზომბებს, ბაბაიაგებს, მაქციებს, მონსტრებს, დრაკონებს და ჯადოსნური ზღაპრების სხვა ბოროტ პერსონაჟებს, მაგრამ მეომარი პრეზიდენტი გზის შუაგულში თავად აღმოჩნდა ურჩხულად ქცევის ძლიერი ცდუნების წინაშე. ეს საფრთხე მისი მმართველობის მეორე პერიოდში მეტისმეტად თვალსაჩინო გახდა. ამ კონტექსტში, მაგალითად, ბაგრატის აღდგენა, რომელიც სამეფო აბსოლუტიზმის, საერო და საეკლესიო მთლიანობის სიმბოლოს გაცოცხლების მცდელობა იყო, აშკარად მის პოლიტიკურ დეგრადაციაზე მეტყველებდა.

ჩვენს შემთხვევაში, პრობლემის თავი და თავი მაინც იქ იყო, რომ სააკაშვილმა უარი ვერ თქვა საპატრიარქოს ლეგიტიმაციურ ფუნქციაზე; თუნდაც ცალმხრივად, ოპოზიციისგან განსხვავებით, ვერ შეძლო, უარი ეთქვა რელიგიური ფარისევლობის ჩართვაზე პოლიტიკურ მეტოქეობაში. პირიქით, სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, მან საპატრიარქოს ფინანსური გაძლიერება დაიწყო. ეტყობა, ასე გეგმავდა მონსტრის მშვიდი პოლიტიკური თვლემის უზრუნველყოფასაც, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ მისი წმინდა ძილი და სიჩუმე გაცილებით საშიში გამოდგებოდა გამოფხიზლებასა და ახმაურებაზე.

მაგრამ, საბოლოოდ, დემოკრატიის ზღაპარი არის ამბავი არჩევნებში დამარცხებული გმირის შესახებ, სადაც ის თავის წილ თავს ხურავს და ადგილს უთმობს სხვას. სააკაშვილი დრაკონად ქცევისგან დემოკრატიის გარდაუვალმა აუცილებლობამ, მისმა ამ მთავარმა ჯადოსნობამ – არჩევნებმა დაიცვა, რადგან გზის ამ მონაკვეთში, გამარჯვების ნადიმი არა იმდენად მოგებული, რამდენადაც წაგებული არჩევნები იყო.

მართალია, ზღაპრულ ბოროტებასთან მეომარმა გმირმა სახიფათო ზონას თავი გააღწია, რომელში ჩარჩენის შემთხვევაში მისი გაურჩხულება გარდაუვალი იყო, მაგრამ ზღაპარმა თავისი მთავარი მისია ბოლომდე მაინც ვერ შეასრულა. მან თვისობრივად, შინაგანად ვერ გარდაქმნა რეალური სამყარო. ამის უმთავრესი მიზეზი შეიძლება ისიც იყო, რომ ზღაპრული კატეგორიებით პოლიტიკურმა აზროვნებამ რეალობის აღქმას სერიოზული ზიანი მიაყენა. მარტივად რომ ვთქვა, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, როგორც ჩანს, დაკარგა რეალობის შეგრძნება და, ამასთან ერთად, დაივიწყა ის მთავარი მიზანი, რის გამოც თავის დროზე გამოვიდა სახლიდან და გაუდგა გზას. ამ საბედისწერო დავიწყების შედეგად, ზღაპარმაც და რეალობამაც, საკმაოდ ძნელად გასაგები, ამოუხსნელი, უცნაური დეფორმაცია განიცადა.

ანეკდოტის ხანა

თუკი მითი, რელიგია და ზღაპარი გარკვეულ დრო-სივრცისეულ გრძლიობასა და მიზანდასახულობას შეიცავს, თუკი მათი გმირები რომელიმე „ა" პუნქტიდან „ბ" პუნქტისკენ მიემართებიან, ანეკდოტი დროს, სივრცესა და მიზანს საერთოდ აუქმებს, უბრალოდ არ ცნობს მათ. ის ერთი მინიმალური, ხანმოკლე თხრობის ჩარჩოში აქცევს ყველას და ყველაფერს, ჯოჯოხეთს და სამოთხეს, ბუდას და სეროჟას, მოშეს და ჩუქჩას, დათა თუთაშხიას და ალა პუგაჩოვას, ბრეჟნევს, ჩაპაევსა და მიუნჰაუზენს და, როგორც იტყვიან, ყველა მათგანის გამოყენებით, ყველაფრის გაშარჟებას ცდილობს. ამავდროულად, ბოლომდე გამოუცნობი რჩება, ვინაა ანეკდოტის კონკრეტული ავტორი. იგი მოკლებულია ყოველგვარ მორალურ ორიენტირს; ხარბად ისრუტავს არსებულ სტერეოტიპებს, კაიფობს ყველანაირ ღირებულებაზე. მასში, მაგალითად, ჯალათი არანაირ ზიზღს არ იწვევს, ხოლო გმირი – არანაირ აღტაცებას. აქ უსასტიკესმა წამებამ, მკვლელობამ, გაუპატიურებამ შეიძლება საკუთარი ტრაგიკული შინაარსი მთლიანად დაკარგოს და პრობლემის გადაჭრის ანუ სიცილ-ხარხარის მიზეზად იქცეს. ერთი სიტყვით, ეს არის ცირკის არენა, სადაც აბსულუტურად ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

Mikheil Saakashvili greets Ilia II. Tbilisi, 2012
ივანიშვილის დრო, მისი პოლიტიკური ცნობიერება, თუკი რაიმედ შეიძლება შეფასდეს, მაშინ ეს არის ანეკდოტი – აზროვნება ურთიერთგამომრიცხავი ცნებებისა და ღირებულებების მეშვეობით, მოქმედება დროისა და სივრცის გაუთვალისწინებლად, ერთგვარი მენცარობა, მეტად თავისებური კრიზისმენეჯმენტი, რადგან, როგორც ამბობენ, ანეკდოტი სხვა არაფერია, თუ არა კრიზისზე რეაგირების ფორმა. ქართული ოცნების ანეკდოტურმა მმართველობამ დროისა და სივრცის კონტურები მართლაც გააქრო და, რაც მთავარია, დაკარგა სამოძრაო მიზანი. უკვე შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ მოხდა ფასეულობების სრული აღრევა. სოციალური ველი, მაგალითად, უფლებადამცველი გობლინებითა და სამართლიანობისთვის მებრძოლი ტრიქსტერებით გაივსო. ანეკდოტის ხანაში, მსოფლიო რუკაზე მთელი საქართველო ერთ პატარა, უცნაურ, კომიკურ ამბად გადაიქცა და ამ პროექტს ევროპის გამაოცებელი დემოკრატია შეიძლება ვუწოდოთ.

ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი მმართველობითი სისტემაც ანეკდოტის მოყოლას ჰგავს. ამ შემთხვევაში სულაც არ ვგულისხმობ, რომ მას ანეკდოტების მოყოლა უყვარს. არა. როდესაც, მაგალითად, პრემიერი აცხადებს, რომ სურს გადავიდეს საკუთარი მთავრობის ოპოზიციაში, ხოლო უკვე ამის შემდეგ, ღარიბი სამოქალაქო სექტორიდან განაგრძოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მართვა, რომლისთვისაც იგი ფინანსური რესურსების გამოყოფას კი არა, მხოლოდ ინტელექტუალურ მხარდაჭერას გეგმავს, ან როცა ის ამბობს, რომ NATO-შიც გაწევრიანდება და რუსეთთანაც მოაგვარებს ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ეს სხვა არაფერია, თუ არა ანეკდოტური სტრუქტურალიზმი. რაც მთავარია, ივანიშვილი ახერხებს და თვითონ აქცევს თავს საკუთარი თხრობის მთავარ, საიდუმლო, უჩინარ პერსონაჟად, რომელსაც მადლობასაც უხდის იმის გამო, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტებიც და მომხრეებიც ანეკდოტის გმირებად აქცია, რომლის რეალური ავტორი ბევრისთვის ბოლომდე მაინც დაუდგენელი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ვინც არის.

როგორც წესი, ანეკდოტის საკვანძო მომენტი „აგონია". ბერძნულ კომედიაში „აგონი" ოპოზიციური მხარეების, ორი საპირისპირო იპოსტასის რიტორიკული დაპირისპირების ხერხია, სადაც ერთი, პირობითად, კეთილს განასახიერებს, ხოლო მეორე – ბოროტს, ამ თამაშში დამარცხება, შესაძლოა, სიკვდილის ტოლფასი გახდეს, რამაც, საბოლოო ჯამში, პრობლემა უნდა გადაჭრას, ანუ სიცილი გამოიწვიოს. თუ დავუკვირდებით ივანიშვილის სიტყვიერი პაექრობის მანერას მის ორ მთავარ ოპონენტთან, სააკაშვილთან და, როგორც თვითონ აცხადებს, ჟურნალისტ მერაბ მეტრეველთან, შევამჩნევთ, რომ პრემიერი ამ ორთაბრძოლის ილეთებს საკმარისად კარგადაა დაუფლებული.

ამ გაქანებულ კრიზისმენეჯმენტში, ამ უთავბოლო ალხანასა და ჩალხანაში, ბუნებრივია, მთავრობის მეთაურს გაუჩნდებოდა მეტისმეტად მძაფრი სურვილი, რომ ილია მეორე, მთელი თავისი ამალით, ანეკდოტის ველში, აგონურ ზეპირსიტყვიერებაში შემოეტყუებინა, რადგან, ობიექტური მოცემულობაა, რომ საპატრიარქო კრიზისის გამოწვევის დიდ პოტენციალს შეიცავს. მაგალითად, განა პირწმინდად ანეკდოტური აღრევა არ იყო ის ფოტოსცენა, სადაც ივანიშვილის შუშის სასახლეში, ერთსა და იმავე დროსა და სივრცეში განლაგდნენ პრემიერი, პატრიარქი, მისი თანმხლები პირები, ბილიარდის მაგიდა ზედ ფერად-ფერადი ბურთულებით და კიებით და ყველანი ერთად, კედელზე პიკასოს ტილოს შესცქეროდნენ?

მაგრამ, ვიცით, სურვილი ერთია და მეორეა რეალობა. უნდა ვაღიაროთ, რომ პრემიერის ანეკდოტში საპატრიარქოს შემოყვანა მის ინტელექტუალურ თუ ფინანსურ შესაძლებლობებს, საუბედუროდ, აღემატება. იმიტომ კი არა, რომ საპატრიარქო თავისთავად კომიკური არ არის, არამედ იმიტომ, რომ საპატრიარქო უკვე გასცდა იმ ზღვარს, სადაც რაიმე შეიძლება იწვევდეს სიცილს. პატრიარქი ანეკდოტის ხანას, ისევე როგორც მანამდე მითს, რელიგიასა და ზღაპარს, სულ სხვა, ყოვლისმომცველ და პირქუშ ქრონოტოპს უპირისპირებს – აპოკალიფსურ ივერიას. იგი უკვე მოახლოებულია და პოლიტიკური წარღვნით იმუქრება.

პატრიარქის მარტორქა

აქ და ახლა, საპატრიარქო არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც დემონსტრაციულად არ ემორჩილება საერო კანონმდებლობას, შეუფარავად ძალადობს და ამის გამო არათუ დაუსჯელი რჩება, არამედ, პირიქით, ამ ძალადობის აქტებში სახელმწიფოსაც უმტკივნეულოდ აიძულებს, ჩაერთოს ხოლმე. მართალია, ფორმალურად, ის მთავრობა არ არის, მაგრამ ყველა წინაპირობა აქვს, რომ ახლო ხანში საქართველოს რეალურ მმართველად მოგვევლინოს – ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი თეოკრატიული პუტჩის მოწყობა. ამისთვის საკმარისია ყოვლისმომცველი ბატონობა ცნობიერებაზე.

ამიტომ ბუნებრივია, რომ საპატრიარქო ერთადერთია, ვისაც შეუძლია ყოველგვარი მორალური დანაკარგის გარეშე ჩაეფლოს სიმდიდრესა და ფუფუნებაში, ერთადერთია, ვისაც შეუძლია ლანძღოს დასავლეთი და, იმავდროულად, ძვირადღირებული ლონდონური, პარიზული, ბერლინური ვოიაჟების უფლება მისცეს თავს; ერთადერთია, ვისაც შეუძლია შეხვდეს ოკუპანტ პუტინს და მას კეთილი და სათნო ადამიანი უწოდოს. ერთადერთია, ვისაც შეუძლია, ქრისტეს სახელით, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, აქოს ყველაზე დიდი ჯალათი – იოსებ სტალინი. ეს სულაც არ არის გროტესკი, არ არის ანეკდოტი, ამბავი, რომელსაც ივანიშვილივით მოკლე ჩართვის ეფექტი ახლავს, არამედ ეს არის გონებაზე ტოტალური, ძლიერი ფსიქიკური გავლენის ნიშანი, ვირტუალური „ათასწლოვანი სამეფოს" ზემოქმედების ფენომენი, რომელიც ახლო ხანში ქართული ფუნდამენტალიზმის გაბატონების გარდა, სხვას არაფერს მოასწავებს.

Bidzina Ivanishvili and Illia II. Kutaisi, 2012
ილია მეორე, როგორც თავად აცხადებს, არის ბოლო ჟამის პატრიარქი, საპატრიარქოც წლებია გაუთავებლად იმუქრება აპოკალიფსით და თვითონაც პრინციპულად, მხოლოდ ამ სიუჟეტში, ამ დროსა და სივრცეში განიხილავს თავს და არა სადმე სხვაგან. პატრიარქის ჟამი თითოეული ქართველის ცნობიერებაში აღადგენს მართლმადიდებლურ სამეფოს, შლის მენტალურ ზღვარს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ამხობს ლიბერალიზმს, დემოკრატიას, დასავლურ გარყვნილებას და მსოფლიოს ქართულ ენაზე ამხელს.

აი, ამ ძლევამოსილმა პატრიარქმა გადასცა ივანიშვილს მაჯის საათი და მიუთითა იმაზე, თუ რეალურად ვინ არის ამ ქვეყნის დროის, გონის, ფსიქიკისა და, საერთოდ, ყველაფრის მეუფე, ვინ არის ამ სამეფოში დაუმარცხებელი დრაკონი, რომლის მიერ მოჯადოებული და გაბრუებული ერი და ბერი დიდი რუდუნებითა და თავპირისმტვრევით, ცეცხლით და მახვილით, დაიცავს ქართველთა იდენტობას დანარჩენი სამყაროსა და, უბრალოდ, ქრისტიანული, ადამიანური მორალისგან.

ეროვნული აპოკალიფსის მოახლოების ნიშნები უკვე ყველა ფეხის ნაბიჯზე შეიმჩნევა. თავი დავანებოთ 17 მაისის „პოგრომსა" და მუსლიმთა დევნას. ბათუმში, მაგალითად, შევიტყვეთ, რომ წიგნების მაღაზიას „მამაოს" მიერ დანიშნული კონსულტანტები ჰყავს, რომლებმაც საკუთარი ფულით შეიძინეს, მათი აზრით, ამორალური ლიტერატურა. შეიძინეს ერთადერთი განზრახვით, რომ დაეწვათ. ქუთაისში ტაქსი გამოჩნდა წარწერით – „უფალო შეგვიწყალე". საპატრიარქოს კურთხევით, თბილისში, ვენდის ფასტფუდის რესტორანი გაიხსნა, რომელშიც ნაკურთხი ჩიზბურგერები, ბეკონატერები და მილკშეიკები იყიდება, ხოლო ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ახალი სასწავლო წლის ცერემონიალზე, განათლების მინისტრს, ალბათ, მისდაუნებურად აღმოხდა, რომ უწმინდესის დალოცვაზე უკეთესს სტუდენტები იმ დღეს ვერაფერს ნახავდნენ. ცოტა ხნის წინ კი, facebook-ში გამოქვეყნდა ერთი ისეთი ფოტო, რომელმაც პირადად მე, ყველაზე უტყუარი ნიშანი მომცა მოახლოებული განსაცდელისა. საპატრიარქოს მისაღებში ღვთისმშობლის ხატის გვერდით უზარმაზარი მარტორქის თავი ეკიდა და მის ფონზე გიორგი კორკოტაშვილი იჯდა – „კორკოტა".

აბსურდის თეატრის მამის, ეჟენ იონესკოს ერთ პიესაში, რომელიც „მარტორქებს" ეძღვნება, პატარა ქალაქს თავს დაატყდება ასეთი ამბავი: მოულოდნელად ქალაქში გაჩნდება მარტორქა, შემდეგ მას ნელ-ნელა მარტორქების არმია შემოჰყვება და ყველაფერს მოედებიან. სულ მალე მოქალაქეებიც თვალსა და ხელს შუა მარტორქებად იწყებენ ტრანსფორმაციას. პიესა სრულდება სცენით: დეზი, ერთ-ერთი პერსონაჟი, მეტისმეტად შეშინებულია: ტელეფონის ყურმილიდან მარტორქის ღმუილი ესმის, რადიოთიც მარტორქის ღმუილს გადმოსცემენ, სახლის კედლები, იატაკი, ჭერი, ყველაფერი ზანზარებს, რადგან მეზობლად, მთელ სახლში, სახლებში, ქალაქში, ყველგან მარტორქები დაჯლიგინებენ. მაგრამ თანდათანობით ეს საზარელი ღმუილი და ღრიალი მელოდიაში გადადის და დეზი უცებ აცხადებს, რომ მარტორქები ძალიანაც კაი ტიპებია, ისეთი ენერგიულები, მხიარულები, მუსიკალურები არიან და ისეთი სასიამოვნოა მათი ცქერა, რომ... ბერანჟე, მისი მეგობარი, ამ სიტყვების გამო მას სილას გააწნავს, დეზი კი ლამაზ და მუსიკალურ მარტორქებთან წავა. შემდეგ ეს ბერანჟეც ფიქრობს, ხომ არ აჯობებდა, მასაც ერთი მოზრდილი რქა ამოსვლოდა, მშვენიერი, ჭაობისფერი ტყავი ეშოვა და მარტორქისებური ღმუილი და ღრიალი ესწავლა. თუმცა, ბოლოს ის მაინც გადაწყვეტს, მონახოს თავისი თოფი.

კომენტარები