მავთულხლართები

ტოივო კლაარი: ყურადღებით ვაკვირდებით მავთულხლართების გავლების პროცესს

მავთულხლართები დიცში

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა საქართველოში ტოივო კლაარმა განაცხადა, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის პროცესი 2008 წელს დაიწყო, თუმცა ახლა ინტენსიური გახდა. ტოივო კლაარის თქმით, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიუკერძოებელ და ეფექტურ მუშაობას ახორციელებს. მისივე განცხადებით, მისია მხარს უჭერს თანამშრომლობას ადგილობრივ დონეზე და ნდობის აღდგენის საკითხზე მუშაობს. 

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მავთულხლართების გავლების პროცესს, რომელიც ბოლო ხანებში გააქტიურდა. ამას აქვს გარკვეული უარყოფითი ზეგავლენა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის დაძაბულობას, მაგრამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ასევე ცხელი ხაზის გამოყენებით, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევამსუბუქოთ ის ზეგავლენა, რომელიც ამ პროცესებს აქვთ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე. მაქსიმალური გამჭვირვალობა და გადაადგილების თავისუფლება ხელს შეუწყობს სიტუაციის განმუხტვას", - განაცხადა კლაარმა. 

მისივე თქმით, "გვაქვს მიზეზი, იმედი ვიქონიოთ, რომ გალის ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები აღდგება". კლაარი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადაა, ეს შეხვედრები ნებისმიერ დროს განაახლოს.

"რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში - თუ იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება. იმედი მაქვს და მჯერა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაც და საქართველოს მთავრობაც მზად არიან განაახლონ ეს შეხვედრები", - განაცხადა ტოივო კლაარმა.

 

კომენტარები