პატიმრების წამება

სოზარ სუბარი: არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყველა საპყრობილე ღია იქნება

facebook.com/mcla.gov.official

წამების კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები წამების მოტივების შესწავლას იწყებენ. როგორც პროექტის დღევანდელ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, არასამთავრობოებმა 1 200 ყოფილი და ამჟამინდელი პატიმარი უნდა გამოკითხონ. 2014 წლის დასაწყისში კი, ორგანიზაციები ანგარიშს გამოაქვეყნებენ.

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, არასამთავრობოებს ყველა ციხეში შეეძლებათ შესვლა. სუბარის თქმით, ნაწამები პატიმრები ყველა ციხეში არიან და სამინისტრო არასამთავრობოებს კვლევისთვის კომფორტულ გარემოს შეუქმნის.

"ფიზიკური ძალადობის გარდა, 9 წლის განმავლობაში წამება იყო ის პირობები, რომელშიც პატიმრები იმყოფებოდნენ - კვება, ჯანდაცვისადმი უყურადღებობა და ინფრასტრუქტურა. ამ ყველაფრის გამოსწორებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. წამება აღარ არის, ეს ერთ დღეში დამთავრდა, მაგრამ ინფრასტრუქტურის და ამდენი ნაწამები პატიმრის მდგომარეობის გაუმჯობესებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ცხადია, მარტო ერთ სამინისტროს არ ეყოფა ძალისხმევა, რომ არ იყოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მხარაჭერა. სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი კოორდინირებულია, ძალიან დიდი შედეგები გვაქვს და კიდევ უფრო დიდი შედეგები გვექნება. ყველა საპყრობილე ღია იქნება, სადაც შესვლას მოისურვებენ არასამთავრობოები. ნაწამები პატიმრები ყველგან არიან, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, შევუქმნათ მაქსიმალურად კარგი პირობები კვლევაში მონაწილე ორგანიზაციებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

 

კომენტარები