ბაჩო ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაია: ყველაფერი პირიქით ხდება - პროკურატურა გარბის

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას დასკვნითი სასამართლო პროცესი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, კიდევ ერთხელ გადაიდო. პროკურორმა ია დარჯანიამ განაცხადა, რომ მისთვის 10 დღე საკმარისი არ აღმოჩნდა 12-ტომიანი საქმის გასაცნობად და კიდევ 20 დღე ითხოვა. თუმცა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, დასკვნითი პროცესი ერთი კვირით გადაიდო და 7 ოქტომბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა. გადაწყვეტილება დღევანდელ პროცესზე ბაჩო ახალაიამ გააპროტესტა და განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებულ პროცესებზე პროკურატურა გარბის. 

"ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ პროცესების გადადება სამართლებრივი მოტივით ხდება. ჯერ იყო და პროკურორი არ გამოცხადდა, შემდეგ ახალმა პროკურორმა 30-დღიანი ვადა ითხოვა საქმის გასაცნობად, ახლა კი, სრული სერიოზულობით საუბრობს, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა და არა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამას ვერ დავიჯერებ. საერთოდ ბრალდებულები ემალებიან ხოლმე გამოძიებას და არ თანამშრომლობენ, ამ შემთხვევაში კი, ყველაფერი პირიქით ხდება, ბრალდებულებს პროკურორები გაგვირბიან. კიდევ მივცემთ ვადას და კიდევ მოითხოვენ, თუ მზად არ არიან - უნდა დაანებონ თავი პროკურორობას", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ. 

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით კი, სასამართლო პროცესი პოლიტიკური ნიშნით ჭიანურდება და ამის კიდევ ერთი დასტური ის ფაქტია, რომ ყოფილი პროკურორი რევაზ ნადოი, რომელიც ავადმყოფობის მიზეზით არ ცხადდებოდა პროცესებზე და ია დარჯანიამ ჩაანაცვლა, უკვე სამსახურში გავიდა. ამის საპასუხოდ, პროკურორმა ია დარჯანიამ აღნიშნა, რომ ნადოის ბიულეტენი დახურული არ არის და აქედან გამომდინარე, ვერ გამოცხადდება პროცესზე. დარჯანიას თქმითვე, იგი პროკურორია, არ წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას და, შესაბამისად, საქმის გადადების მოთხოვნა მხოლოდ მისი პირადი გადაწყვეტილებაა - საქმის მასალების გასაცნობად. პროკურორის თქმით, საქმე რეზონანსულია და ბრალდების მხარე უნდა იცნობდეს მის დეტალებს.

დეპუტატ როლანდ ახალაიას შეფასებით კი, ბაჩო ახალაია ხელისუფლების მძევალია. როგორც მან აღნიშნა, სასამართლო პროცესები პოლიტიკური მოტივით ჭიანურდება. 

"პროცესების გაჭიანურებას არანაირი საერთო არ აქვს სამართლებრივ მოტივთან. ეს არის პოლიტიკური პროცესები და უნდათ, რომ გაჭიანურდეს ხელოვნურად, რათა ბაჩო ახალაია ჰყავდეთ მძევლად. დღეს ქვეყანაში უსამართლობის ზეიმია. ბაჩო ახალაიას დაკავებაზე სანქციები უკანონოდ არის გაცემული და დღესაც გრძელდება იგივე უკანონობა", - განაცხადა როლანდ ახალაიამ.

ცნობისთვის, ე.წ. ციხის ბუნტის საქმის წინა პროცესზე, პროკურორი რეზო ნადოი ჩაანაცვალა ია დარჯანიამ. მან მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით - 30-დღიანი ვადა მიეცა საქმის გასაცნობად. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პროცესი10 დღით გადასწია. დღეს კი, დარჯანიამ კიდევ 20 დღე ითხოვა. 

 

კომენტარები