საოკუპაციო ხაზის გადმოწევა

ქართული დელეგაცია ევროსაბჭოში საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე ისაუბრებს

ქართული დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა. უმრავლესობის და უმცირესობის წევრები ევროსაბჭოს მორიგ სესიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე იმსჯელებენ. დეპუტატების თქმით, მათი გამოსვლების და შეხვედრების მთავარი თემა სწორედ დვანსა და დიცში მიმდინარე მოვლენები იქნება. ქართულ დელეგაციას სტრასბურგში პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ასამბლეის შეხვედრა სტრასბურგში დღეს იწყება და 4 ოქტომბრამდე გასტანს. სიტყვით გამოვა რუსეთის სათათბიროს სპიკერიც. ასამბლეის საშემოდგომო სესია ძირითადად ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ყოველთვის იმართება საერთო დებატები, რომელზეც დეპუტაცია წარმოადგენს ხოლმე საკუთარ პოზიციას და იმ მწვავე საკითხებს, რომლებიც მიმდინარეობს მათ ქვეყანაში. ჩვენ ვაპირებთ, ვისაუბროთ მცოცავი ოკუპაციის საკითხებზე", - თქვა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა. 

"ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა. რუსეთი აფართოებს ოკუპირებული ტერიტორიის მოცულობას, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ევროსაბჭოს ძირითადად ღირებულებებს", - ამბობს უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი.

 

 

კომენტარები