საოკუპაციო ხაზის გადმოწევა

რუსეთის საგარეო უწყება: სასაზღვრო ნიშნებზე თბილისმა ცხინვალთან უნდა ისაუბროს

breakingnews.sy

ოფიციალური მოსკოვი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ხაზზე სასაზღვრო ნიშნების დადგმასთან დაკავშირებული საკითხები თბილისმა უშუალოდ ცხინვალთან უნდა განიხილოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც პრაღაში 15 ივლისს გამართული აბაშიძე-კარასინის ფორმატის მორიგი შეხვედრის შედეგები შეაფასა.

"ზურაბ აბაშიძემ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სასაზღვრო ნიშნების დაყენებასთან დაკავშირებული მწვავე სიტუაციის საკითხი დააყენა. რუსეთის მხრიდან აღინიშნა, რომ ასეთი საკითხები უნდა განხილულ იქნას უშუალოდ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან. ამისთვის არსებობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი. არსებითად კი საუბარია რეგიონში მდგომარეობის სტაბილიზაციაზე მუშაობისთვის ჩრდილის მიყენების მორიგ მცდელობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოლაპარაკება ამჯერად გაფართოებულ ფორმატში წარიმართა - რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის თანაშემწისა და საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მონაწილეობით.

შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობას და სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხებს შეეხო. მათ შორის, რეგულარული ავიარეისების აღდგენას და საავტომობილო მიმოსვლას ლარსის გავლით, რასაც ბოლო დროს მეწყერსაშიშროების გამო სირთულეები შეექმნა.

განცხადების თანახმად, რუსულმა მხარემ ასევე მზადყოფნა გამოთქვა "შემდგომშიც გააფართოოს ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში ოჯახურ, კერძო საქმეებზე, ასევე ჰუმანიტარული, კულტურული, სპორტული და საქმიანი კონტაქტების ფარგლებში მიემგზავრებიან". შესაძლოა, ამისთვის რუსეთმა თბილისში, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში დამატებითი თანამშრომლები მიავლინოს.

შეხვედრას რუსული მხარე, არსებული პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, წარმატებულად აფასებს. შემდეგი შეხვედრის თარიღი დამატებით დაზუსტდება, - აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.

 

კომენტარები