უწყებათაშორისი კომისია

წულუკიანი: უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა ნაყოფიერია

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, საარჩევნო გარემო წინა წელთან შედარებით თვისობრივად ბევრად უკეთესია. როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, ამას მოწმობს კომისიის ერთთვიანი საქმიანობის ანგარიშიც.

"უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ერთთვიანი სამუშაო ანგარიში განიხილა და დაამტკიცა. კომისიის წევრებს ჰქონდათ მხოლოდ ტექნიკური შენიშვნები, რომელიც დაზუსტდება და ანგარიშის საბოლოო ვარიანტი დღესვე კომისის ვებგვერდზე განთავსდება. მასში ასახულია ის, თუ როგორ რეაგირებს შსს, პროკურატურა და სხვა უწყებები კომისიაში შემოსულ ინფორმაციაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 24-საათიან რეჟიმში მომუშავე ცხელ ხაზზე 5 კვირის განმავლობაში შემოვიდა მხოლოდ 24 ზარი და ისიც, მხოლოდ და მხოლოდ კომისიის მუშაობის ფორმატის შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ. ანგარიშში ასახულია ისიც, რომ პროკურატურამ ერთ-ერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დააყენა სასამართლოზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი გახდა ქართული ოცნების მხარდამჭერის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი. ერთ სიტყვით, ანგარიშიდან ჩანს, რომ საარჩევნო გარემო არის თვისობრივად ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო წინა წელს", - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა ნაყოფიერია.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე განმარტეს აგიტაციის ცნებაც, რაც, წულუკიანის შეფასებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

"აგიტაციის ცნება აქამდე არ განუმარტავს წინა კომისიას და თვით საარჩევნო კოდექსშიც არის ეს ხარვეზი. ჩვენ ვთვლით, რომ საჯარო მოხელის მხრიდან აგიტაცია არის არა მხოლოდ შეკრების ორგანიზებაში მონაწილეობა, მასალების დარიგება, პარტიულ დაწესებულებებში ყოფნა, არამედ აგიტაციაა, როცა საჯარო მოხელე იმყოფება საარჩევნო ღონისძიებაზე, მიტინგზე, უკრავს ტაშს, სტვენით უჭერს მხარს მისთვის სასურველ კანდიდატს, გამოდის სიტყვით და სხვა. დღეიდან საარჩევნო გარემო ამ მხრივ იქნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული", - დასძინა თეა წულუკიანმა. 

კომენტარები