მავთულხლართები

დვანელები: სახლებში დარჩენას ოსური პასპორტების აღების სანაცვლოდ გვთავაზობდნენ

მავთულხლართები დიცში

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე სოფელ დვანის მოსახლეობას შეხვდნენ. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ციხელაშვილი და ლორთქიფანიძე იქ მივიდნენ, სადაც დვანელები სამი სახლის დემონტაჟს ახორციელებენ. სახლები, რომლებიც შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცეს, 2008 წლის ომში გადაწვეს, თუმცა მესაკუთრეები სახლებით და სათავსოებით, ასევე ნაკვეთებით მაინც სარგებლობდნენ. ადგილობრივების განცხადებით, მავთულხლართები ჯერ კიდევ 2010 წელს გაკეთდა, თუმცა ოსური მხარე გეგმავს კიდევ 50 მეტრით გადმოსწიოს ე.წ. საზღვარი. ამასთან, სახლების მეპატრონეებს ოსურმა მხარემ ოსური პასპორტების აღება და საკუთარ სახლებში დარჩენა შესთავაზა, თუმცა ამაზე სამივე სახლის მესაკუთრემ უარი თქვა. ისინი რკინის კონსტრუქციებს შლიან და ცდილობენ, ყველა ნივთი გაიტანონ. მათ მთავრობის წევრებს დახმარება სთხოვეს. როგორც ციხელაშვილმა და ლორთქიფანიძემ განაცხადეს, მთავრობა ყველანაირად შეეცდება, სოციალური და ყოფითი პრობლემების მოგვარება საკუთარ თავზე აიღოს. 

"ძალიან მძიმე სურათია. ეს არის 2008 წლის ტრაგედიის გაგრძელება. უკვე 13-მდე სოფელია, სადაც პირდაპირ გაიარა მავთულხლართებმა. ჩვენი ამოცანა არის ორი, პირველი - დღესვე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას და ყურადღება არ მოდუნდეს ამ კუთხით. მეორე ამოცანა არის ის, რომ ადამიანებს დავეხმაროთ კონფლიქტისპირა სოფლებში, ეს იქნება წყალი, შეშა თუ სხვა რამ, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა აქ უნდა იყოს, არსად წასვლას და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, ამ ადამიანებს ნორმალური პირობები უნდა შევუქმნათ", - განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.

დღესვე, ციხელაშვილმა და ლორთქიფანიძემ სოფელ დვანში ის ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც ამ დროისათვის მავთულხლართების გასავლებად სამუშაოები მიმდინარეობს.

"მართლაც გაუსაძლისი ჰუმანიტარული მდგომარეობაა, რაც შეუძლებელია რომ გაგრძელდეს. ამას სჭირდება ორი ტიპის რეაქცია, ერთი, ამ მომენტისათვის ყოფითი სოციალური პრობლემები უნდა მოგვარდეს, ქონების და საკუთრების საკითხებს სჭირდება ყურადღება. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, ჩვენ ჟენევის ფორმატში გამართული მოლაპარაკებების დროს დვანის საკითხს პრინციპულად წამოვწევთ წინ", - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები