NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 56%-ს მარგველაშვილი მოსწონს, 49%-ს კი ბაქრაძე

NDI-ის პოლიტიკური პარტიების უახლესი კვლევის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოსახლეობის 56%-ს მოსწონს, დავით ბაქრაძე კი 49%-ს. უმრავლესობის საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ მოსახლეობის 21% უარყოფითადაა განწყობილი. ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ ანტიპათიურად კი - 35%-ი. ივნისის შემდეგ მარგველაშვილის რეიტინგი 11, ბაქრაძის კი ერთი პროცენტით გაიზარდა.

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 69%-ს მოსწონს. მისი რეიტინგი ბოლო ოთხ თვეში არ შეცვლილა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებითად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა 23%-დან 26%-მდე გაიზარდა.

 პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის ნინო ბურჯანაძის რეიტინგი ივნისის შემდეგ გაიზარდა. ივნისში ბურჯანაძე 21%-ს მოსწონდა, ახლა კი მის მიმართ დადებითად 33%-ია განწყობილი. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა.

 

კომენტარები