ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან

ივანიშვილი: თავს ვდებ, რომ ახალი ხელისუფლება სასამართლოს საქმეებში ვერ ჩაერევა

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლება არც გაბედავს და ვერც გაბედავს სასამართლოს საქმეებში ჩარევას. როგორც ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ამაზე თავს დადებს და თავად არის პასუხისმგებელი. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ძველმა ხელისუფლებამ სასამართლოზე გავლენა ვეღარ მოახერხოს.

"სასამართლოს მიმართ გაკეთებული განცხადებებით ფაქტობრივად იმის პერსპექტივა კვდებოდა, რომ მოსამართლე რაღაც ზეწოლისგან გათავისუფლებულიყო. ხეს უძახეს და გახმაო, ჩვენ უნდა ვუძახოთ - აყვავდი, აყვავდი და იქნებ აყვავდეს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მოსამართლეებს მივცეთ და შევუქმნათ მაქსიმალური პირობები, რათა იგრძნონ, რომ ისინი მაქსიმალურად დამოუკიდებლები არიან. დღეს რომ ჩვენ მოსამართლეებს ისევ შეშინება და ძალადობა დავუწყოთ და ამ ფორმით წავიდეთ, ჩვენ ისევ ახალ უბედურებას მივიღებთ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მოსამართლეები, რომ ძველი გუნდის გავლენას არ დაექვემდებარონ. ჩვენ, ახალი ხელისუფლება არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩავერიოთ", - აღნიშნა ივანიშვილმა და პროკურორების თემასაც შეეხო. მისი შეფასებით, პროკურორებიც სისტემის მსხვერპლნი იყვნენ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ექსპერტების ნაწილს ბევრი საქმის ძალიან სწრაფად გამოძიება სურს, რასაც პროფესიონალი კადრები სჭირდება. 

"პროკურორების დიდი ნაწილი შენარჩუნებულია, რადგან იქ კადრების არჩევის ნაკლები საშუალება იყო. თუმცა, როტაციის პროცესი იქაც მიმდინარეობს. ის, რომ თქვენ გინდათ, რაც შეიძლება სწრაფად ბევრი გამოიძიოთ, მეტი ხალხიც დავიჭიროთ, ამას პროფესიონალი გამომძიებლები სჭირდება. პროკურორებსაც სჭირდებათ დღეს მხარდაჭერა. საიდან მოვიყვანოთ ახალი პროკურორების ამხელა მასა. ეს პროკურორებიც სისტემის მსხვერპლნი იყვნენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ იღებდა ქრთამს და არ ჰქონდათ ფული. როდესაც კანონს არღვევ, პასუხი უნდა აგო, მაგრამ, საზოგადოების მსგავსად, პროკურატურის ბევრი თანამშრომელი იყო საკუთარ ხალხზე მოძალადეთა იდეოლოგიის მსხვერპლი. ის რამდენიმე კაცი, ვინც პირადად მონაწილეობდა ძალადობასა და სისტემურ დანაშაულში, დაისჯება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები