ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან

პრემიერი: მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ მორატორიუმი აღარ გაგრძელდება

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ მორატორიუმი აღარ გაგრძელდება. დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტოლოგმა სერგი კაპანაძემ ივანიშვილს ჰკითხა - ინვესტიციების მოზიდვასთან რამდენად მოდის თანხვედრაში უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა. ბიძინა ივანიშვილმა კაპანაძეს უპასუხა, რომ გუშინ შეხვდა ეკონომიკურ გუნდს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.

"რაც მორატორიუმი გამოცხადდა მიწაზე, გამოსავალს ველოდებით. რატომ გამოცხადდა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მორატორიუმი აღარ გაგრძელდება და ამას უახლოეს პერიოდში ნახავთ გამოქვეყნებულს. სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ მიწების ყველაზე გაცემა - იჯარით მაინც. რაც მეტი შეზღუდვა და მორატორიუმები იქნება ეკონომიკაში, მით ნაკლებად თავისუფალია ბაზარი. ეს ეკონომიკის განვითარებას და ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის, მაგრამ სახელმწიფოს სხვადასხვა ტიპის დაცვა სჭირდება და ამ შემთხვევაში, ეს გამართლებული იყო", - თქვა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, მორატორიუმი 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს. მმართველმა გუნდმა ამ მიმართულებით კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო და აღნიშნულ პერიოდამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლა და მისი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანა შეაჩერა. პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.

კომენტარები