ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან

ივანიშვილი: ახალმა ხელისუფლებამ ანგარიშწორებაზე უარი თქვა

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ ანგარიშწორებაზე უარი თქვა. როგორც ივანიშვილმა პოლიტოლოგებთან შეხვედრისას თქვა, წინა ხელისუფლების პროკურატურის და პოლიციის თანამშრომლებიდან მხოლოდ "ერთ-ორ კაცს" არ მიუღია დანაშაულში მონაწილეობა. თუმცა, პრემიერის თქმით, ახალმა მთავრობამ ისინი არ გაასამართლა. 

"სახელმწიფო არსებობს. რევოლუციაზე უარი ვთქვით. ჩვენ უარი ვთქვით ანგარიშსწორებაზე და არ გავაკეთეთ ყოფილი ხელისუფლების მსგავსად, როდესაც მოსამართლეებს და პროკურორებს თვითონ ასამართლებდნენ და უშვებდნენ ციხეში. თქვენ გინდათ, რომ სახელმწიფოც შეინარჩუნოთ ასეთი ფორმით, რომ ევროპისკენ გავაგრძელოთ სვლა, გავაგრძელოთ ამერიკელებთან საუბარი, საჯარო მოხელეები შევინარჩუნოთ, თუ ერთბაშად ყველაფერი ავასრულოთ, რასაც რევოლუცია ჰქვია. პოლიციის 98 პროცენტი შენარჩუნებულია თანამდებობაზე. დაახლოებით ასევეა პროკურატურაში. თეორიულად, ის, ვინც მუშაობდა პროკურატურაში, ის, ვინც მუშაობდა პოლიციაში, შეიძლება ერთი-ორი კაცი ნახო, რომელსაც ირიბად მაინც არ აქვს დანაშაულში მონაწილეობა მიღებული", - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ახლა "თითქმის კარგი პოლიცია გვყავს". პრემიერის თქმით, საოცრება მოახდინა შს მინისტრმაც და საოცრება მოხდა პოლიციაშიც. 

"პოლიციასთან პრეტენზიები რომ გაქვთ, თუ შეადარებთ გერმანულს, ან სხვას, იქნება სხვაობა. რეალობიდან გამოდით. საოცრება მოხდა პოლიციაშიც, პროკურატურაშიც და სასამართლოშიც, თუ გნებავთ, ამ 10 თვის განმავლობაში რაც მოხერხდა. თქვენ გინდათ, რომის პაპზე დიდი კათოლიკები გახდეთ უეცრად და პოლიცია იყოს საუკეთესო, რაც გაგიგიათ, თეორიულადაც კი. იდეალური პოლიცია ევროპაშიც არ არსებობს. იქაც კითხვებია", - თქვა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიცია, "რომელიც საკუთარ ხალხზე ძალადობდა და არ იცავდა", დღეს აბსოლუტურად კულტურულად მოქმედებს და ქართველი ხალხის სამსახურში ჩადგა.

 

კომენტარები