ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებმა ვიზიტის პირველი დღე შეაჯამეს და აღნიშნეს, რომ ისინი საქართველოს მხარს უჭერენ ნებისმიერი ზეწოლის წინააღმდეგ.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, რომ არსებობს კონსენსუსი, თუ რა გზით უნდა განაგრძოს სვლა საქართველომ. ესაა ევროკავშირი და ნატო, ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. ჩვენ ასევე ხაზი გავუშვით დღევანდელ შეხვედრებზე, რომ საქართველოს გვერდით ვდგავართ ნებისმიერი ზეწოლის წინააღმდეგ სხვა ქვეყნის მხრიდან, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ზეწოლას, რომელიც ვნახეთ ცოტა ხნის წინ რუსეთის მხრიდან სომხეთის წინააღმდეგ. დაცული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დაცული უნდა იყოს ასევე ის შეთანხმებები, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ გაფორმდა, საქართველო უნდა იყოს ერთიანი და დაუნაწევრებული სახელმწიფო", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ვიცეთავმჯდომარემ გუნარ ჰოკმარკმა.
ჰოკმარკმა ისაუბრა ასევე საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პოლიტიკურ მოვლენებზე. "როდესაც ოპოზიციის ლიდერი წინასწარ პატიმრობაშია ან სხვა ლიდერებს ბრალდებებს უყენებენ ან დაკითხებზე იბარებენ, ამ დროს ვერ იქნება უზრუნველყოფილი თანაბარი საარჩევნო გარემო, ვხედავთ სხვა მოვლენებსაც მედიასთან დაკავშირებით, რაც ასევე შეშფოთებას იწვევს. პრემიერსაც ვუთხარით, რომ მოგვეწონა, თუ როგორ ჩატადა არჩევნები შარშან, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნებიც ჩატარდეს ობიექტურად, ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რისთვისაც მთავრობამ სწრაფად უნდა იმოქმედოს, რომ ეს არჩევნებიც იყოს ღია და სამართლიანი", - აღნიშნა მან პრესასთან საუბრისას.





