ევროპის სახალხო პარტია

კობახძე EPP-ზე: ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო წევრები არიან, გავლენა აქვთ

Irakli Kobakhidze / Facebook

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს შესახებ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა, რომელიც, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს. კობახიძეს თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო EPP-ის წევრები არიან და მათ გავლენა აქვთ.

"ნაცმოძრაობის მეგობარი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. ეს უმარტივესი ლოგიკაა და ეს ლოგიკა ძალაშია ამ შემთხვევაშიც. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ EPP-ში გაწევრიანებულია 2 დანაშაულებრივი პოლიტიკური გაერთიანება – ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათ წევრობას, სამწუხაროდ, აქვს გავლენა. 

სამწუხაროდ, EPP ცნობილია იმით, რომ მოქმედებს არასწორი პრინციპით – ეს არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩემი ცუდი ბიჭი. ეს არის ცნობილი, აპრობირებული მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში და EPP-სთვის ყველაზე მეტად არის დამახასიათებელი ეს პრინციპი – იციან, რომ ნაცმოძრაობა არის ცუდი ბიჭი, მაგრამ არის მათი ცუდი ბიჭი, უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი, მაგრამ მათი დამნაშავეები არიან. ეს [რეზოლუცია] არის ნაცმოძრაობის ფეიკი, რომელიც ხმოვანდება ლობისტების მხრიდან". – თქვა კობახიძემ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა 9 ივნისს უნდა განიხილოს და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფას ეხება, ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებასაც მოიცავს. ასევე, მედიის ცნობით, საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც.

კომენტარები