ევროპის სახალხო პარტია

EPP-ს რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს – RFE/RL

ბიძინა ივანიშვილი
GETTY IMAGES

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, EPP-ს, ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა 9 ივნისს უნდა განიხილოს და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფას ეხება, ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებასაც მოიცავს. ასევე, მედიის ცნობით, საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც.

მედიის ცნობითვე, რეზოლუციის მეხუთე პუნქტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს "განიხილონ ის, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის დემოკრატიული სისტემისთვის ძირის გამოთხრისთვის, ისევე, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც ენთუზიაზმით იყენებენ შერჩევით სამართალს და ჩრდილს აყენებენ კანონის დასაცავად დადებულ ფიცს, უნდა დაექვემდებარონ მიზანმიმართულ პიროვნულ სანქციებს".

რადიო თავისუფლების ცნობით, პროექტი ევროპის ინსტიტუტებს მოუწოდებს, იმუშაონ, რათა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

RFE/RL-ის ინფორმაციით, EPP-ს რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, ციხიდან ჰუმანიტარული საფუძვლებით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, იმისთვის, რომ მან საზღვარგარეთ ჯეროვანი მკურნალობა შეძლოს. ასევე, დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში ღრმა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დაგმობილია ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან პიროვნული თავდასხმები ევროპის პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოსთან თანამშრომლობაში.

კომენტარები