ბაჩო ახალაიას საქმე

გოგა ონიანი: პროკურატურა მარგველაშვილის არჩევნებს ელოდება

ბაჩო ახალაია
Reuters

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატის გოგა ონიანის შეფასებით, პროკურატურა პირდაპირ ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს და მარგველაშვილის არჩევნებს ელოდება. როგორც ონიანმა აღნიშნა, ხელისუფლებას არ აწყობს არჩევნებამდე დაფიქსირდეს განაჩენი და დადასტურდეს ის ფაქტი, რომ მათი წარმოდგენები ბაჩო ახალაიაზე გადამეტებული იყო.

"არ აწყობთ - საზოგადოებამ გაიგოს, რომ მათი პოზიცია, თითქოს ბაჩო ახალაია მონსტრი იყო და ბავშვებს ხარშავდა, წინასაარჩევნოდ გათვლილი იყო მოსახლეობის მოსატყუებლად. ახლა ცდილობენ შეგნებულად გაწელონ პროცესი და მიიღონ ის შედეგი, რაც სურთ რომ მიიღონ. მართლმსაჯულება ამ დონეზე ჩართონ პოლიტიკაში, აბსოლუტური მარაზმია, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ თურმე სასამართლო არ იყო თავისუფალი", - განაცხადა გოგა ონიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესზე, რომელიც ე.წ. ციხის ბუნტის საქმეს შეეხება, პროკურორი შეიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რევაზ ნადოი ია დარჯანიამ შეცვალა. დარჯანიამ დღევანდელ პროცესზე, საქმის მასალების გასაცნობად, 30-დღიანი ვადა მოითხოვა, რაც დაცვის მხარემ გააპროტესტა. თავად ბრალდებულ ბაჩო ახალაიას თქმით, წინა პროკურორის რევაზ ნადოის ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოს არ გააჩნია და პროცესები ხელოვნურად იწელება. მისივე თქმით, წინა სხდომაზე რევაზ ნადოიმ მოითხოვა, რომ შემდგომი პროცესი, რომელზეც დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვა, 10 ოქტომბერს გამართულიყო. 

"ახლა კი ბრალდების მხარე ითხოვს 30-დღიან ვადას. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ კალენდარზეა მორგებული. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ქალბატონი პროკურორიც გახდეს ავად. ეს მოვლენები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, ჩავთვალო, რომ საქმის გადადება ხელოვნურად ხდება და ეს სიტუაცია შექმნილია იმისათვის, რათა პოლიტიკურ კალენდარს მოემსახუროს. ველოდები საბოლოო სიტყვის თქმას. უკვე 6 თვეა ციხეში ვზივარ. ტყვე ხომ არ ვარ, ადამიანი ვარ. ჩემი მდგომარეობა უკვე ტყვეობას ემსგავსება და არა პატიმრობას", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ და სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, არ დაკმაყოფილებულიყო ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

საბოლოოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ახალ პროკურორს მასალების გასაცნობად 10 დღე განესაზღვრა. პროცესი 30 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარები