ბაჩო ახალაიას საქმე

ახალაიას საქმეზე პროკურორი რევაზ ნადოი ია დარჯანიამ ჩაანაცვლა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას საქმეზე პროკურორის შეცვლის მიზეზი განმარტა. პროკურორი რევაზ ნადოი პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება. მის მოვალეობას კი პროკურორი ია დარჯანია შეასრულებს.

"პროკურორი რევაზ ნადოი გუშინ შეუძლოდ გახდა და სასამართლო პროცესზე დასწრებას ვეღარ შეძლებდა, რის გამოც გადაწყდა, რომ ბაჩო ახალაიას საქმეზე ის სხვა პროკურორს ჩაენაცვლებინა", - თქვა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბაჩო ახალაიას პროცესი სერგო თეთრაძის ეპიზოდზე 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ნადოი არ გამოცხადდა. ადვოკატების ინფორმაციით, ნადოი, თეთრაძის საქმეზე, არც წინა პროცესზე იმყოფებოდა და არგუმენტად დაასახელა ის, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ციხის ბუნტის საქმეზე დასკვნით სიტყვას ამზადებდა.

პროკურორმა ია დარჯანიამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ არ იცნობს საქმის მასალებს და ამ მოტივით მიეცეს გონივრული ვადა, რათა შეძლოს განხილვებზე დასწრება. მოსამართლემ იკითხა, აპირებდა თუ არა სერგო თეთრაძის საქმეზე ია დარჯანია პროკურორ რევაზ ნადოის ჩანაცვლებას, რაზეც დარჯანიამ ვერ უპასუხა და აღნიშნა, რომ ნადოის უკურნებელი სენი არ სჭირს. თუმცა, მისთვის უცნობია, როდის შეძლებს ის პროცესებზე დასწრებას.

კომენტარები