კონფლიქტის ზონა

ფანჯიკიძე რუსეთთან ურთიერთობის განვითარებას ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდება

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე "ფრთხილი ოპტიმიზმით" ეკიდება საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მავთულხლართების მონტაჟის განახლების პარალელურად რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას. ამის შესახებ ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, დღეს, 19 სექტემბერს, ისაუბრა.

"აუცილებლად გაჟღერდება ეს თემა, რომელიც ხელს უშლის აბაშიძე-კარასინის ფორმატის დადებით დინამიკას. დადებით დინამიკაში მე ვგულისხმობ იმ მიღწეულ შეთანხმებებს, რომელიც ამ ფორმატის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. 2011 წლიდან ხან ასე და ხან ისე ხდებოდა ამ მავთულხლართებისა და თხრილების მოწყობა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე, ამიტომ მე არ ვიქნებოდი ოპტიმისტი და არ ვიფიქრებდი, რომ რადგან ამ წუთას ეს პროცესი შეჩერებულია, მომავალში არასდროს არ განმეორდება. იმედი მაქვს დადებითი განვითარების, მაგრამ ეს არის ფრთხილი ოპტიმიზმი და რეალობა, სამწუხაროდ, არის სხვა", - თქვა მაია ფანჯიკიძემ.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გორის რაიონის სოფელ დიცში საოკუპაციო ზოლის გასწვრივ განაახლეს მავთულხლართების მონტაჟი, რის გამოც პრობლემები შეექმნა ადგილობრივ მოსახლეობას და დაიძაბა სიტუაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 სექტემბრის საღამოს განაცხადა, რომ დიცში მავთულხლართების მონტაჟი შეჩერებულია და ვითარებაც მშვიდია.

კომენტარები