კონფლიქტის ზონა

რუსეთი მიიჩნევს, რომ დვანსა და დიცში "პროპაგანდისტული ისტერია" იქმნება

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ფილიპ ლეფორის სატელეფონო საუბრის დეტალებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებებისთვის მზადების პროცესს და საქართველოში, კონფლიქტის ზონის გასწვრივ მიმდინარე პროცესებს.

"ევროკავშირის წარმომადგენლის ყურადღება გამახვილებულ იქნა სამხრეთ ოსეთის საზღვართან თბილისის მიერ გაზრდილ პროვოკაციულ აქტივობებზე. ცხინვალის ხელისუფლების აბსოლუტურად კანონიერ ქმედებებებთან დაკავშირებით, გაამყაროს თავისი სახელმწიფო საზღვარი, იქმნება პროპაგანდისტული ისტერია. ვრცელდება ცრუ ხმები საქართველოს სიღრმეში საზღვრის გადაწევასთან დაკავშირებით, პოლიცია კი ორგანიზებას უწევს ადგილობრივების საპროტესტო აქციებს და მათ ტენდენციურად გაშუქებას მედიით, როგორც ეს მოხდა 17 სექტემბერს სოფელ დიცთან. ბოლო დღეებში კი ხმაური წარმოიშვა სოფელ დვანთან დაკავშირებითაც", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო ვერ ეგუება 2008 წლის "სააკაშვილის ავანტიურის" შეუქცევად შედეგებს, რის გამოც სამხრეთ ოსეთის საზღვრების გამაგრება საქართველოში იწვევს უკმაყოფილებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ლეფორთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები არ მისცემენ საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას, ჩაიდინოს უპასუხისმგებლო ქმედებები და საზღვრის გამაგრებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემური საკითხი განხილული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე.

კომენტარები