კონფლიქტის ზონა

შსს: დიცში ვითარება მშვიდია

radiotavisupleba.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ დიცში ამ წუთებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საზოგადოების და მასმედიის მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, ბოლო დღეებში ოკუპაციის ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების და ღობეების უკანონო მონტაჟის განახლებულ პროცესთან და რეგიონში მიმოსვლის კუთხით სხვადასხვა შემზღუდავი რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით, შსს თავს ვალდებულად თვლის საზოგადოებას ამცნოს ამჟამად არსებული ვითარების შესახებ.

17 სექტემბერს გორის რაიონის სოფელ დიცში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, დღეს არსებული ვითარება მშვიდია. შსს-ს დანაყოფები აქტიურად აგრძელებენ ადგილზე პატრულირებას და მონიტორინგს. სიტუაციის კონტროლის, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან.

სამინისტრო დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის მიერ 18 სექტემბრისთვის დაანონსებული შეზღუდვების ძალაში შესვლის ფაქტებს ასევე არ ადასტურებს.

შსს მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში ნებისმიერი ტიპის შეზღუდვის დაწესების მცდელობას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი და ადეკვატური შეფასება მისცეს აღნიშნულ უკანონო ქმედებას", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელიც დღეს, 18 სექტემბერს გავრცელდა.

დიცში საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მავთულხლართების გავლება ოსურმა მხარემ 17 სექტემბერს განაახლა, რასაც დაძაბულობა მოჰყვა ადგილობრივებში. 

კომენტარები