გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავას საქმეზე მამუკა ახვლედიანი დაკითხეს

timer.ge

თბილისის მერის გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, სასამართლომ ბრალდების მოწმე, საკრებულოს წევრი მამუკა ახვლედიანი დაკითხა.

ახვლედიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე თქვა, რომ 2006 წელს რიყის ტერიტორიის გასხვისება კანონის ფარგლებში მოხდა, ისევე, როგორც თბილისის ხელისუფლების მიერ მისი დაბრუნება. მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერიის მიწის მართვისა და კომისიის თავმჯდომარედ ის 2005-07 წლებში მუშაობდა. კომისიის ძირითადი ფუნქცია კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის განკარგვა იყო.

მამუკა ახვლედიანის თქმით, კომისიის სხდომაზე რიყის ტერიტორიის განკარგვის შესახებ გამოცხადდა და ორჯერ ჩატარდა კონკურსი. ერთი კონკურსი ჩავარდა. რაც შეეხება მეორეს, ის 2006 წლის დასაწყისში ჩატარდა და მასში მონაწილეობას ორი კომპანია იღებდა, მათ შორის, კომპანია ახალი რიყე. კომისიამ გასცა დასკვნა და უპირატესობა მიანიჭა შპს ახალ რიყეს, რადგან მისი პირობები უკეთესი იყო.

ახვლედიანის თქმით, სამ თვეში აღნიშნული კომპანია აპირებდა რიყის ტერიტორიაზე 7 მილიონის დახარჯვას და რეკრეაციული ობიექტების მშენებლობას. მეორე კომპანია კი, საცხოვრებელი სახლების აშენებას გეგმავდა. 2008 წელს კრიზისი დაიწყო, ომის გამო ვერ შესრულდა პირობები და რადგან მნიშვნელოვანი იყო რიყის ტერიტორია, მისი გამოსყიდვა გადაწყდა. 

"კომპანია ახალმა რიყემ 20 მილიონი მოგვთხოვა, მაგრამ ჩვენ ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხმებით, 17 მილიონად გამოვისყიდეთ რიყის ტერიტორია", - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა. 

პროკურორის შეკითხვაზე - იღებდა თუ არა გიგი უგულავა ფასის დადგენაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ ეს ასე არ ყოფილა. მისი თქმით, ფასის დადგენის გადაწყვეტილება თბილისის მთავრობამ მიიღო, რომელიც კოლეგიალური ორგანოა. 

მამუკა ახვლედიანს პროკურორმა საქმეში არსებულ სხვა ეპიზოდებზე, მათ შორის, ტელეკომპანია იმედის საკითხის შესახებ კითხვები დაუსვა. ახვლედიანმა აღნიშნა, რომ იმედთან შეხება არ ჰქონია. მან ასევე თქვა, რომ საქმეში ბრალდებულ დავით კეზერაშვილთან არანაირი შეხება არ აქვს, ხოლო კიდევ ერთ ფიგურანტს დავით იაკობაშვილს მხოლოდ ტელევიზიით იცნობს.

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე განიხილება. ის რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს - მათ შორისაა იმედის გასხვისებისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეები. ასევე თბილსერვის ჯგუფში 764 პირის დასაქმება.

დღევანდელ პროცესზე, ჯამში, 4 მოწმე უნდა დაიკითხოს, ამ დროისათვის პროცესზე მესამე მოწმეს, ლაშა მაქაცარიას კითხავენ.

კომენტარები