საყოველთაო დაზღვევა

სერგეენკო: საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობით კმაყოფილი ვარ

facebook.com/mohgovge

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობით და სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით კმაყოფილია. მისი შეფასებით, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. როგორც სერგეენკომ განაცხადა, ტექნიკური პრობლემებიდან მხოლოდ ერთეულები დარჩა.

"რაც შეეხება საავადმყოფოს მომსახურებას, პროექტმა, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის 100% მოიცვა, მოგვცა ბერკეტები, გვეკონტროლებინა მომსახურების ხარისხი და დაგვეფუძნებინა სამედიცინო მოვლის ხარისხის სისტემა. ამ მიმართულებით ქვეყანა ნაბიჯებს დღესაც დგამს და კმაყოფილი ვარ, რომ ეს მიმართულება განვითარდება მომავალშიც", - განუცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს. მინისტრის შეფასებით, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში პროექტს შეაფასებენ და გადაწყვეტენ, ის იმავე მასშტაბებით გაგრძელდება, როგორითაც ახლა მიმდინარეობს, თუ კიდევ უფრო გაფართოვდება.

"პროექტის პირველი ეტაპი 28 თებერვალს დაიწყო და ზუსტად შესრულდა, ასევე მაღალი სიზუსტით შესრულდა მეორე ეტაპიც. რაც შეეხება მესამე ეტაპს, ის იქნება გადაფასებითი ხასიათის. შევაფასებთ, რამდენად ეფექტური იყო პროექტი ფინანსურად, ადმინისტრირების და სამედიცინო ხარისხის მხრივ. ეს მოხდება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ ნახევარში და სწორედ ამის შემდეგ მიღებული მონაცემების საფუძველზე გადავწყვეტთ, იგივე მოცულობით გავაგრძელებთ მას თუ წავალთ შემდგომი გაფართოების გზით", - აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები