პატრიარქის საჩუქარი ივანიშვილს

მშვენიერაძე: ივანიშვილი ვალდებულია, საჩუქარი სახელმწიფოს გადასცეს

radiotavisupleba.ge

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე პატრიარქის საჩუქრის შესახებ საუბრობს, რომელიც ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილის უსახსოვრა. მისი თქმით, საჯარო მოსამსახურეს ძვირადღირებული საჩუქრის მიღების უფლება არ აქვს და როგორც კი დაადგენს ნივთის ღირებულებას, ის სახელმწიფოს უნდა გადასცეს.

 ”საუბარი იმაზე კი არ არის, რომ მოტივი რა არის, როცა რამეს ჩუქნიან, უმოტივოდაც არ შეიძლება საჯარო მოსამსახურემ მიიღოს საჩუქარი. თუკი მისი ოდენობა აღემატება მთელი წლის განმავლობაში მისი შრომითი ანაზღაურების 15%-ს, ჯამურად. პრინციპი არის ასეთი, ძვირფასი საჩუქარი საჯარო მოსამსახურემ არ უნდა მიიღოს.არავინ არ არის დაზღვეული, რომ შეიძლება დახურული ფოსტით მოგივიდეს საჩუქარი, არ იცოდე, შიგნით რა დევს და წინასწარ უარს ვერ აცხადებ. ან საჯარო ცერემონიის დროს გადმოგცენ საჩუქარი და იქვე მიბრუნების პროცედურა შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ როგორც კი თანამდებობის პირი დაადგენს ,რომ საჩუქრის ღირებულება აღემატება კანონით დასაშვებ ნორმას, ის ვალდებულია 3 დღის ვადაში მოახდინოს მისი დეკლარირება და გადასცეს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. იმისათვის, რათა მოხდეს საჩუქრის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ” - ამბობს მშვენიერაძე.

შეგახსენებთ, რომ ილია მეორემ პრემიერს საშუალოდ 17 ათას დოლარად შეფასებული საათი და ხატი, ხოლო პრემიერის ოჯახის წევრებს, ოქროს სამაჯურები და თვლებიანი ჯვარი უსახსოვრა. თავის მხრივ პრემიერმა კათალიკოს-პატრიარქს პანაღია - სამღვდელმთავრო, გულზე დასაკიდი ხატი გადასცა, რომლის ფასიც ქართულ საეკლესიო მაღაზიებში 1000$-დან იწყება.

 

კომენტარები