იაშვილის კლინიკა

მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი: იაშვილის კლინიკაში დარღვევები გამოვლინდა

იაშვილის სახელობის კლინიკა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დეპარტამენტის უფროსის კახაბერ ძიმისტარიშვილის ინფორმაციით, იაშვილის კლინიკაში შესამოწმებლად შესულმა ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა დარღვევები გამოავლინა. მან ჟურნალისტებთან საუბარში არ დააკონკრეტა, რა სახის დარღვევებზეა საუბარი.

"იაშვილის კლინიკაში მონიტორინგის ჯგუფი სიტუაციას ერთი კვირაა, სწავლობს. საბოლოო შედეგები კი მომავალ კვირაში დაიდება. მონიტორინგის შედეგების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს" - აღნიშნა ძიმისტარიშვილმა.

მისივე განმარტებით, მონიტორინგის შედეგებში ასახული იქნება იაშვილის კლინიკის მფლობელის - კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" ფინანსური მდგომარეობა, საავადმყოფოს მფლობელობის, წარმომადგენლობის, დაწესებულების სანებართვო პირობები და სხვა საკითხები.

ამასთან, იაშვილის კლინიკის თურქი ხელმძღვანელი თექინ ათიკი კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" დამფუძნებლებმა შესაძლოა, შეცვალონ. ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე კომპანიის დამფუძნებლებს შეხვდა. კომპანიის წარმომადგენლებმა მინისტრის პირველ მოადგილეს მათი კომპანიის მიერ თურქეთსა და სხვა ქვეყნებში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეს, რითაც მინისტრის პირველი მოადგილე კმაყოფილი არ დარჩა. 

"ვფიქრობდი, რომ ბატონი აზმი და მისი ჯგუფი გარკვეულ განმარტებებს გააკეთებდა იმ არაკორექტული და უსიამოვნო მოქმედებების შესახებ, რომელიც სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ განვითარდა. თეკინი იმპროვიზაციული მეთოდით შეეცადა ვითარების შეცვლას. ამით შეეცადა, ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ობიექტის, ბავშვთა საავადმყოფოს სრული პარალიზების გამოწვევას. ეს კიდევ უფრო უცნაურია და ბიზნეს ეთიკიდან ამოვარდნილი. მას დღემდე არ წარმოუდგენია რაიმე წარმომადგენლობითი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მისი, როგორც ამ ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენლობას", - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ იაშვილის კლინიკის თურქი ხელმძღვანელი თექინ ათიკი პროფესიით ექიმი არ არის. დიმიტრი მახათაძემ ამასთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ეს ფაქტი დასჯადია. 

კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის"  წარმომადგენლის აზმი ოფლუოღლუს განცხადებით, თექინ ათიკის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი სამომავლოდ განხილვის საგანია. მისი თქმით, იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელობისთვის ქართული მხრიდან ადგილობრივი, საავადმყოფოში მომუშავე სამედიცინო კადრი შეირჩევა, ასევე, შეარჩევს თურქული მხარეც და  შერჩეული პირები საავადმყოფოს ერთობლივად უხელმძღვანელებენ.

კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა" თბილისში ოთხი, მათ შორის იაშვილის კლინიკა, ხოლო ბათუმში ერთი საავადმყოფო შეიძინა.

კომენტარები