იაშვილის კლინიკა

იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას წყვეტს – ივანე ჩხაიძის განმარტება

იაშვილის ბავშვთა კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას დროებით წყვეტს. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ რამდენიმე დეპარტამენტი თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებს იწყებენ. 

ჩხაიძის სიტყვებით, ინფექციის კონტროლთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება რეგულირების სააგენტოს დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყვიტეს.

"ვადასტურებთ, რომ ღამის 12 საათიდან იაშვილი სტაციონარული პაციენტების მიღებას აღარ ახორციელებს. ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რაც სჭირდება სამედიცინო სერვისის განხორციელებას ქვეყანაში. სრულიად არის გარემონტებული აბდომინური მედიცინა, ტრავმატოლოგია, ორთოპედია, ქირურგია, თუმცა დარჩა რამდენიმე დეპარტამენტი, სადაც მდგომარეობა მართლა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ სტაციონარული სერვისის მიწოდებას, მანამდე პაციენტების მიღება იაშვილში იქნება შეჩერებული. 

სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, დგას ინფექციის კონტროლი". - ამბობს ის რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

ჩხაიძის თქმით, პაციენტების გადაყვანასთან დაკავშირებით კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან ექნებათ, გადაწყვეტილებას კი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ. 

კომენტარები