27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ადამიანის უფლებათა ცენტრი ცესკოს ახალ თავმჯდომარეს მიმართავს

ცესკო

ადამიანის უფლებათა ცენტრი იმედოვნებს, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პრეზიდენტობის კანდიდატების პრობლემებს ცესკოს ახალი თავმჯდომარე შეისწავლის. ორგანიზაციის შეფასებით, კონსტიტუციური ნორმები ამ საკითხზე ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ "ცესკოს მხრიდან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისათვის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარის თქმა კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციაა". ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიმიჯნოს პრეზიდენტის კანდიდატად დარეგისტრირება და პრეზიდენტობის თანამდებობის დაკავების ცნება.

"საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად (რაზეც ცესკო აპელირებს), "საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა". მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს უკრძალავს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას და არა კანდიდატად დარეგისტრირებას. საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად, "პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში". აღნიშნული ნორმა საქართველოს მოქალაქეს უფლებას აძლევს, არჩეულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლი განასხვავებს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების და კანდიდატად დარეგისტრირების ცნებებს, რადგან პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავება ხდება მის მიერ საპროგრამო სიტყვის წარმოთქმისა და ფიცის დადების შემდეგ (კონსტიტუციის 71-ე მუხლი 1 პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აგრეთვე აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და ვინც აკმაყოფილებს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მოთხოვნებს, შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, ხოლო კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, მას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება არა აქვს, ვიდრე უარს არ იტყვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთათვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის გავლაზე უარის თქმის შესახებ, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.

ადამიანის უფლებათა ცენტრში სამწუხაროს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ "სასამართლომაც ცესკოს შეცდომა გაიზიარა" და არ დააკმაყოფილა სალომე ზურაბიშვილის სარჩელი.
მათივე ინფორმაციით, ორმაგი მოქალაქეობის საფუძველზე, სალომე ზურაბიშვილის გარდა, რეგისტრაციაზე უარი კიდევ ორ პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატის წარმდგენ სუბიექტს ეთქვა.

"მათგან ერთ-ერთმა, რომელსაც საქართველოს და ჰოლანდიის მოქალაქეობა აქვს, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ - უშედეგოდ. ამასთან, პრეზიდენტობის კიდევ ერთმა მსურველმა ზურაბ წიწუაშვილმა განაცხადა, რომ მასაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს (საქართველო-აშშ), მაგრამ ამის მიუხედავად, ცესკომ მისი წარმომდგენი საინიციატივო ჯგუფი და პირადი წარმომადგენელი დაარეგისტრირა. ადამიანის უფლებათა ცენტრი შემაშფოთებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ერთ შემთხვევაში, ცესკო პირადად იძიებს ინფორმაციას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ და აღნიშნული საფუძვლით პოტენციური პრეზიდენტობის კანდიდატის საინიციატივო ჯგუფს უარს ეუბნება რეგისტრაციის გავლაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფს ატარებს რეგისტრაციაში, რითაც ფაქტობრივად პრეზიდენტობის კანდიდატს უჩნდება ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ და იწყებს ხელმოწერების მოგროვებას, შტაბების გახსნას, თანამშრომლების აყვანას, რაც სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ადამიანის უფლებათა ცენტრი იმედოვნებს, რომ ცესკოს ახლადარჩეული თავმჯდომარე დროულად გაერკვევა შექმნილ სიტუაციაში და მიიღებს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ორმაგი მოქალაქეობის გამო უთხრა. ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ორივე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კომენტარები