27 ოქტომბრის საპრეზიდენტოარჩევნები

პრეზიდენტი: ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში სამოქალაქო მშვიდობა ყოფილიყო

www.chveniambebi.info

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობას შეხვდა. სააკაშვილმა მარნეულელებს "წლების განმავლობაში არჩევნებზე გამოჩენილი ერთგულებისათვის" მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორი არჩევანი გააკეთონ და აქტიურად მიიღონ მასში მონაწილეობა. სააკაშვილის თქმით, მათ არავის არ უნდა მისცენ საკუთარი მომავლის ცუდი მიმართულებით შეცვლის შესაძლებობა.

"საპრეზიდენტო არჩევნების ბედი სწორედ თქვენს აქტივობაზეა დამოკიდებული", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მარნეულის მოსახლეობას და ნაციონალური მოძრაობის მმართველობაში ყოფნის პერიოდში არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა.

"ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში სამოქალაქო მშვიდობა ყოფილიყო. ვერავინ ვერ გეტყვით თქვენ, რომ არ ხართ სრულფასოვანი წევრი საზოგადოებისა. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, მე ვთქვი, რომ ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ვარ ყველა ქართველის და ნებისმიერი ეთნიკური წარმოშობის აზერბაიჯანელის პრეზიდენტი. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველოში ახალგაზრდები იღებდნენ კარგ განათლებას და მე ვამაყობ ამით. გავაკეთეთ ყველაფერი, რომ გზებზე თქვენ აღარ გაჩერებენ და აღარ გამცირებენ, ქრთამს აღარ გართმევენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მთავარი არის ის, რომ ვერავინ შეძლოს ხელის აწევა ყველაზე მთავარ მონაპოვარზე - მშვიდობასა და განვითარებაზე.

"მეამაყება, რომ არასდროს არ ყოფილა ისეთი კარგი ურთიერთობა საქართველო-აზერბაიჯანს შორის, როგორსაც მე მივაღწიე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად. ინტრიგების მიუხედავად, ვერავინ ვერ შეძლებს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭებას", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. 

პრეზიდენტთან ერთად ალგეთში ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი იმყოფებოდნენ. 

კომენტარები