27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ევროპაბეთმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ფსონების მიღება გააუქმა

ონლაინ ტოტალიზატორმა ევროპაბეთმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოცხადებული ფსონები გააუქმა. ტაბულამ კითხვით მიმართა ევროპაბეთს - საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით, რატომ გადაწყვიტა ფსონების მიღება და ცოტა ხანში, რატომ გააუქმა ის. ონლაინ ტოტალიზატორში გვითხრეს, რომ ამასთან დაკავშირებით, ევროპაბეთი კომენტარს არ აკეთებს. 

ცნობისთვის, ტაბულამ ორი საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ონლაინ ტოტალიზატორმა ევროპაბეთმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ფსონების  მიღება დაიწყო. საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, აკრძალულია ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ევროპაბეთი კი, მომხმარებელს არჩევნების ექვსი სავარაუდო შედეგს სთავაზობდა. ტოტალიზატორმა გიორგი მარგველაშვილს, როგორც პრეზიდენტობის ყველაზე დიდი შანსის მქონე კანდიდატს, მიანიჭა კოეფიციენტი 1.10, დავით ბაქრაძის კოეფიციენტი იყო 7.00, ნინო ბურჯანაძის - 10.00, გიორგი თარგამაძის - 1000.0, შალვა ნათელაშვილის - 1500.00, ხოლო ნებისმიერი სხვა კანდიდატის - 2000.00. ტოტალიზატორის მომხმარებელს ასევე შეეძლო ფსონის დადება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. მეორე ტური იქნება - ამ შედეგის კოეფიციენტი იყო 2.60, ხოლო არ იქნება - 1.40.

კომენტარები