ცრუ განგაში

აეროპორტში ბომბი არ აღმოჩნდა

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 12 სექტემბერს, 20:00 საათზე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში მორიგი შეტყობინება შევიდა. მოქალაქემ ცენტრის ოპერატორს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გამნაღმველები და კინოლოგები აეროპორტში შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით, იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს, გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო - შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას ისანი-სამგორის სამმართველო განყოფილება აწარმოებს.

სააგენტო ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ცნობით, აეროპორტის მუშაობა, რომელიც დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ევაკუაციის გამო პარალიზებული იყო, აღდგა. ცრუ განგაშის გამო რამდენიმე რეისი გადაიდო. 

შეგახსენებთ, დღეს  შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ორი ცრუ შეტყობინება შევიდა - ტელეკომპანია რუსთავი 2-სა და იმედში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ. ტელეკომპანიებში ევაკუაცია განხორციელდა. შეტყობინებების ავტორები დაკავებულები არიან.  

კომენტარები