საკეისრო კვეთების ეროვნული პროტოკოლი

სექტემბრიდან საკეისრო კვეთების ეროვნული პროტოკოლი ამოქმედდება

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მეან-გინეკოლოგებს საკეისრო კვეთების ეროვნული პროტოკოლი გააცნეს, რომელიც ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნინო ბერიძემ წარმოადგინა.

ბერიძის თქმით, პროტოკოლით განსაზღვრულია, თუ რა სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაშია გასაკეთებელი საკეისრო კვეთა. საკეისრო კვეთის ეროვნული პროტოკოლი მეან-გენეკოლოგთა და პერინატალოგთა ასოციაციების მიერ მომზადდა. ბერიძემ აღნიშნა, რომ პროტოკოლი მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება და შესასრულებლად სავალდებულო გახდება. 

აღნიშნული პროტოკოლის შესახებ კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც გააკეთა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკეისრო კვეთის ახალი ეროვნული პროტოკოლი არ ნიშნავს, რომ სამშობიარო სახლებში საკეისრო კვეთა აიკრძალება. მისი თქმით, მშობიარეებს უნდა განემარტოთ იმ რისკების შესახებ, რაც საკეისრო კვეთას გააჩნია. ასევე, ფიზიოლოგიური გზით ბავშვის დაბადების უპირატესობის შესახებ მათ კონსულტაცია უნდა გაუწიონ.

სერგეენკოს თქმით, საკეისრო კვეთების ეროვნული პროტოკოლი სექტემბრის ბოლოდან ამოქმედდება.

საკეისრო კვეთების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამეგრელოში ფიქსირდება, რაც საერთო მშობიარობის 56%-ს შეადგენს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა ისაუბრა.

ჯაშმა სამშობიარო სახლებისა და პერინატალური სამსახურების ხელმძღვანელებს საკეისრო კვეთებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკა გააცნო. მისი თქმით, საკეისრო კვეთის თანაფარდობა საერთო მშობიარობის მაჩვენებლებთან შედარებით 38%-ს შეადგენს და იგი, სულ მცირე, ორჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს. 

მარიამ ჯაშის განმარტებით, ზოგიერთ რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 50%-ზე მეტი საკეისრო კვეთა ფიქსირდება, სამეგრელოში - 56%, იმერეთში - 43%, შიდა ქართლში - 42%. ამასთან, არსებობს სამშობიარო სახლების ჩამონათვალი, სადაც ეს მაჩვენებელი 70%-საც კი აღემატება. 

ჯაშის თქმით, მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ საკეისრო კვეთების მაღალი მაჩვენებელი როგორც დედის, ასევე ახალშობილის ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს ზრდის და საერთაშორისო რეკომენდაციებთან მიმართებით აღნიშნული მონაცემების შემცირება აუცილებელია. 

კომენტარები