ჯანდაცვის სამინისტრო

7 თვის მონაცემებით, საქართველოში 5 წლამდე ასაკის 328 ბავშვი გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 7 თვის მონაცემებით, საქართველოში 5 წლამდე ასაკის 328 ბავშვის და დედის გარდაცვალების 14 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სტატისტიკური მონაცემები შეხვედრის მონაწილეებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა გააცნო. მისი თქმით, ბოლო 7 თვის მონაცემებით, საქართველოში ერთ წლამდე ასაკის 292 ჩვილის, 1-დან 5 წლამდე ასაკის 36 ბავშვის, ასევე დედის გარდაცვალების 14 შემთხვევა და 274 მკვდრადშობადობა დაფიქსირდა. 

ჯაშმა სამინისტროში შემოსულ ოპერატიულ ინფორმაციასთან ერთად სამოქალაქო რეესტრისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რუტინულ სტატისტიკას შორის არსებული განსხვავებები წარმოადგინა, რომელიც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დღემდე არსებული სტატისტიკური მონაცემების უზუსტობას უსვამს ხაზს. მან ასევე აღნიშნა, რომ როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო დაწესებულებებიდან სრულად ინფორმაციის მიწოდება ჯერ კიდევ არ ხდება. 

ჯაშმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 7 თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების მონაცემები შემცირებულია. კერძოდ, 2012 წელს სამოქალაქო რეესტრში დაფიქსირდა ერთ წლამდე ბავშვთა გარდაცვალების 373 შემთხვევა, წელს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით მაჩვენებელი 322-მდეა შემცირებული, ხოლო სამინისტროში ოპერატიულად 292 შეტყობინება შევიდა.

მკვდრადშობადობის მონაცემები გასული წლის 7 თვის მაჩვენებელთან შედარებით ასევე შემცირებულია. კერძოდ, სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, მკვდრადშობადობა 434-დან 334-მდე შემცირდა, სამინისტროში შესული შეტყობინებით კი, ეს რიცხვი 274-ია. 

ჯაშის თქმით, 2013 წლის თებერვალში სამინისტროში არსებული სავალდებულო შეტყობინების სისტემის მოწესრიგების შედეგად გაზრდილია დედათა სიკვდილობის მაჩვენებელი. 2013 წლის აგვისტოს ჩათვლით დაფიქსირდა დედის გარდაცვალების 14 შემთხვევა, რაც 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ შემთხვევებს ორჯერ აღემატება. 

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დედათა გარდაცვალების თითოეული შემთხვევის ეპიდემოლოგიური კვლევა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა. კვლევის მიხედვით, გარდაცვლილი დედების 2/3-ს არ მიუღია ორსულთა პატრონაჟი ან არ არსებობს ინფორმაცია ამ მომსახურების მიღებაზე. გარდაცვლილი დედების 72% იყო სოფლის მცხოვრები, ხოლო 43% - სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. ასევე, 64% შემთხვევაში საკეისრო კვეთა იყო ჩატარებული.

კომენტარები