ბაჩო ახალაიას საქმე

ორგანიზაცია ადამიანი, კანონი, თავისუფლება ბაჩო ახალაიას ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი, კანონი, თავისუფლება ბაჩანა ახალაიას მიერ ციხეების სავარაუდო კონტროლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის თქმით, 2010 წლის აგვისტოში, იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა ახალაიამ ხუთი ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მათ ნაცვლად 2006-2008 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე მაღალჩინოსნები და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დანიშნა. 

"აღნიშნული საკითხი არ იყო შეთანხმებული სასჯელაღრულების მაშინდელ მინისტრთან - ხათუნა კალმახელიძესთან. ინფორმაციის წყაროს თქმით, აღნიშნული ცვლილების შემდეგ პენიტენციარულ სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პოლიტიკამ სისტემატური ხასიათი მიიღო", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, ბაჩანა ახალაიას მტკიცება, რომ 2008 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე მოვლენებში არ ჩარეულა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ინფორმაციის გადამოწმების თხოვნით ა/ო "ადამიანი, კანონი, თავისუფლებამ" ოფიციალური წერილით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს. კერძოდ, ორგანიზაცია დაინტერესებული იყო 2010 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პენიტენციარულ სისტემაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ არსებული ინფორმაციით. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ 2013 წლის 5 სექტემბრის წერილის მიხედვით უარი განაცხადა ინფორმაციის გასაჯაროებაზე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ა პუნქტის" თანახმად, რაც სუბიექტის თანხმობის გარეშე ინფორმაციის გასაჯაროებას ზღუდავს", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის აზრით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ უნდა გაასაჯაროოს აღნიშნული ინფორმაცია, რის საფუძველზეც ნათელი გახდება, რამდენად აკონტროლებდა პენიტენციარულ სისტემას ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია. 

"ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მიმართავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ყოფილ მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს, გააკეთოს საჯარო განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. უახლოეს პერიოდში ფაქტების არგახმაურების შემთხვევაში, ა/ო "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" საკითხის შესწავლის თხოვნით გენერალურ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს მიმართავს", - ამბობენ ორგანიზაციაში.

კომენტარები