რუსთავი 2

ნიკა გვარამია: ჩვენ ბომბები ვერ გვაჩერებენ

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას აზრით, შესაძლოა, რომ ტელეკომპანიაში დღეს განვითარებული მოვლენები მიზანმიმართული იყო. ნიკა გვარამია სამართალდამცავებს მოუწოდებს - უსწრაფესად გამოვლინონ და მკაცრად დასაჯონ შეტყობინების ავტორი.

"ვაგრძელებთ მუშაობას, პრინციპში, არც შეგვიწყვეტია. როგორც წესი, ჩვენ ბომბები ვერ გვაჩერებენ. თუ ეს მიზანმიმართული იყო, იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავები გამოიკვლევენ და მკაცრად დაისჯება ის ადამიანი. ეს არ არის მხოლოდ ცრუ შეტყობინება ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, ეს არის მედიის შეფერხება და საქმიანობაში ხელის შეშლა. ასე რომ, ათმაგად უფრო მძიმეა ის გადაცდომა, რომელიც კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა. მე იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანს უსწრაფესად გამოავლენენ და სამაგალითოდ დასჯიან. აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება სერიული ხასიათი მიიღოს", - აცხადებს ნიკა გვარამია.

შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 10:28 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შეტყობინება შევიდა. მოქალაქემ ცენტრის ოპერატორს თბილისში, სანდრო ეულის ქ. N5ა-ში რუსთავი 2-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გამნაღმველები და კინოლოგები ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით შენობიდან იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს, მიმდებარე ტერიტორია ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრეს და პერიმეტრი დაიცვეს. გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო - შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა", - აცხადებს შსს.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) და მას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილება აწარმოებს.

კომენტარები