Heritage Foundation

ეკონომიკური თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა

Heritage Foundation

ეკონომიკურად თავისუფალ საზოგადოებაში ყოველ ადამიანს აქვს სრული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ და თავისუფალი არჩევანის პირობებში, საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. სახელმწიფო მის საქმიანობასა და არჩევანში არ ერევა. რამდენად ასრულებს ამ პირობებს მსოფლიოს 177 ქვეყანა და მათ შორის, საქართველო, ამას საერთაშორისო ფონდი Heritage 1995 წლიდან ყოველწლიურად იკვლევს.

2013 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით მსოფლიოში 21-ე ადგილზეა. საქართველოს მაჩვენებელი მსოფლიო საშუალო და ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო თავის ყველა უშუალო მეზობელთან - სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი - შედარებით წინაა. ევროპის რეგიონში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით მე-11 ადგილზეა. ამასთან, 2013 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად მოახერხა ეკონომიკური თავისუფლების გაუმჯობესება და „მეტწილად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფს დაუბრუნდა.

Heritage Foundation-ის განმარტებით, საქართველოს წარმატება განაპირობა კორუფციის აღმოფხვრისა და ფისკალური სტაბილურობისთვის გატარებულმა ძირეულმა რეფორმებმა, რომლებმაც ქვეყნისთვის რეალური შედეგების მოტანა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყეს. ამის მაგალითებად, Heritage Foundation-ს მოჰყავს იუსტიციის სახლები, სადაც დოკუმენტების გაფორმება დიდ ხარჯს არ მოითხოვს და მოკლე დროში შეიძლება, ასევე, საგადასახადო სისტემის გამარტივება და ბიზნესის წარმოების სიმარტივისკენ გადადგმული ნაბიჯები.

კვლევითი ორგანიზაცია აქვე აღნიშნავს, რომ ამ პროგრესის მიუხედავად, დღეს საქართველოს მთავრობის მთავარი გამოწვევაა გაატაროს იმ ტიპის რეფორმები, რომლებიც შეზღუდავს სამთავრობო ხარჯებს და ეკონომიკურ რეგულაციებს შეამცირებს. სამთავრობო ხარჯების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი პოზიტიურად აფასებს: ეს კომპონენტი ყველაზე მეტად - 13.1 ქულით გაუმჯობესდა: ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მთავრობის ხარჯი მშპ-ს 32%-მდე შემცირდა. იგივეს ვერ ვიტყვით ეკონომიკური რეგულაციების მიმართულებით. ამ კომპონენტში ინდექსი ყურადღებას ამახვილებს მონეტარულ თავისუფლებაზე, რომელიც 1.8 ქულით გაუარესდა და შრომის თავისუფლებაზე, რომელიც 1 ქულით გაუარესდა. ამის მიზეზად კვლევითი ორგანიზაცია გაზრდილ რეგულაციებს ასახელებს.

საქართველოსთან ერთად, 2013 წლის ინდექსში „მეტწილად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფს ექვსი განვითარებადი და ერთი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა შეუერთდა: არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ჩეხეთის რესპუბლიკა, ბოცვანა, ნორვეგია, იორდანია, სამხრეთ კორეა და ბაჰამას კუნძულები.

კომენტარები