ვერტმფრენების გასხვისება

მიხეილ სააკაშვილი: ბარემ კრემლს გადააწყვეტინეთ ყველაფერი

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ ფრანგული წარმოების ვერტმფრენების შესყიდვაში საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პირადად იყო ჩართული. სააკაშვილის ინფორმაციით, როდესაც ქართული მხარე ამ ვერტმფრენებს ყიდულობდა, დმიტრი მედვედევის მთავრობა საფრანგეთს სანქციებით დაემუქრა. პრეზიდენტის თქმით, შენაძენს სწორედ ამიტომ მიეცა სამოქალაქო სახე.

"ახლა რომ ამბობენ - სამოქალაქოა, თავისთვის უნდოდაო, სასეირნოდ უნდოდა სააკაშვილსო, ცრუობენ. ეს იყო ორმაგი დანიშნულების ვერტმფრენები. სამოქალაქო სახე მიეცა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსული სანქციებისთვის აგვევლო გვერდი. პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პირადად იყო ჩართული ამის ყიდვაში ისევე, როგორც საფრანგეთის მაშინდელი ტრანსპორტის მინისტრი. მე პირადად დავესწარი ამ ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც იყო საქართველოსთვის გარღვევა. როდესაც ეს მთავრობა მოვიდა, ივანიშვილმა დაიბარა ყველა და უთხრა, რომ აღარ გვინდა ფრანგული ვერტმფრენები, მოდი, გავარემონტოთ რუსულიო. მას აუხსნეს, რომ ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ რუსეთი ჩვენ არ გვაძლევს მარაგ ნაწილებს და ეს დაჯდება ძალიან ძვირი. საქართველოს ახლა ვერტმფრენები ჰაერივით სჭირდება. ჩვენ ვართ მაღალმთიანი ქვეყანა. ახლახან ვიყავი მთაში. იქ რომ რამე მოხდეს, ერთი ვერტმფრენი არაა, რომელიც ავა და გამოიყვანს სადმე გაჭედილ მოგზაურს, ან გადაიყვანს ჯარის და პოლიციის ნაწილს. ეს არის ჩვენი ერთადერთი შანსი და ამასაც გვართმევენ. ბარემ კრემლს გადააწყვეტინეთ ყველაფერი, რაღაზე გვქვია მაშინ საქართველოს მთავრობა", - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის საკუთრებაში არსებული ორი ფრანგული წარმოების ვერტმფრენის გასხვისების აკრძალვის შესახებ ბრძანება გუშინ გამოსცა.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის თქმით, ქვეყნის პირველ პირს აღნიშნული ვერტმფრენების გასხვისებით სამხედრო ძალების დასუსტება დაუშვებლად მიაჩნია. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით კი, ხელისუფლებას SUPER PUMA-ს ტიპის ვერტმფრენების გაყიდვა მართლაც სურს. თუმცა, ამის მიუხედავად, სამინისტრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრო ბარნოვს "მთელი რიგი მცდარი ცნობების" გავრცელებაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ვერტმფრენების გაყიდვის აკრძალვის თაობაზე გამოცემული ბრძანების აქტი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

კომენტარები