ვერტმფრენების გასხვისება

ბარნოვი: ჩვენ არ გვითქვამს, რომ ვინმე რუსული ვერტმფრენებით ანაცვლებს ფრანგულს

www.weeknews.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ვერტმფრენებთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებას ეხმაურება და მას გაუგებარს უწოდებს. მისი თქმით, ფრანგული ვერტმფრენების რუსული ვერტმფრენებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

"ჩვენ არ გვითქვამს, თითქოს ვინმე რუსული ვერტმფრენებით ანაცვლებს ფრანგულს. გასაგებად ვთქვით, რომ მთავრობა ყიდის ფრანგულ ვერტმფრენებს მაშინ, როცა რუსულიც აღარ აქვთ! მინისტრის ასეთი არაკორექტული კომენტარი მხოლოდ ადასტურებს ჩვენს ინფორმაციას, რომ ვერტმფრენების გაყიდვა ნამდვილად იგეგმებოდა", - ამბობს ბარნოვი.

ბარნოვის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ეს პროცესი დროულად შეჩერდა და ვერტმფრენების კერძო პირებზე ვეღარ გასხვისდება .

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქვეყნის საკუთრებაში არსებული ორი ფრანგული წარმოების ვერტმფრენის გასხვისების აკრძალვის ბრძანება გამოსცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის, თქმით, ქვეყნის პირველ პირს აღნიშნული ვერტმფრენების გასხვისებით სამხედრო ძალების დასუსტება დაუშვებლად მიაჩნია. 

"როგორც იცით, საქართველო არის მთაგორიანი ქვეყანა და ამ ტიპის ტექნიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამაშველო ოპერაციების საწარმოებლად. სამწუხაროდ, დღეს პრემიერის საკუთრებაში არსებული ერთი რუსული წარმოების ვერტმფრენის გარდა, სხვა მსგავსი ტიპის რუსული წარმოების ტექნიკის რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია, რაც აღნიშნული ფრანგული წარმოების ვერტმფრენების მნიშვნელობას ერთიორად ზრდის", - თქვა ბარნოვმა. 

დღეს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ მცდარია ინფორმაცია, თითქოს თანამედროვე სამხედრო ტექნიკის რუსული ტექნიკით ჩანაცვლება ხდება. 

"ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ჩვენ ვავითარებთ თავდაცვის შესაძლებლობას და დარწმუნებული იყოს როგორც პრეზიდენტი, ისე თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენი ამოცანაა, გავხადოთ უფრო თანამედროვე ჩვენი შეიარაღება, ჩვენი ტექნიკა, მათ შორის საფრენი აპარატები", - თქვა ალასანიამ.

კომენტარები