ვერტმფრენების გასხვისება

შაშკინი: ვერტმფრენების გასხვისება მრავალ პრობლემას შექმნის

დიმიტრი შაშკინი
tabula.ge

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, ქვეყნის საკუთრებაში არსებული ორი ფრანგული წარმოების ვერტმფრენის გასხვისება ძალიან ცუდი იქნება საქართველოს თავდაცვისთვის. როგორც შაშკინმა პრაიმტაიმის პრესკლუბში განაცხადა, ამას მოჰყვება ყოფითი პრობლემებიც, განსაკუთრებით ზამთარში, როცა მაღალმთიანი სოფლები თოვლის გამო ჩაიკეტება.

"მათ დარჩათ რამდენიმე საათი ფრენის ლიმიტი. ვერტმფრენი არ არის მანქანა და როგორც კი ლიმიტი გასდის, უნდა გაჩერდეს. ვერც ძველი და ვერც ახალი ხელისუფლება ამ ვერტმფრენებს ვერ არემონტებს, იმიტომ რომ რუსეთს აქვს ემბარგო ნაწილების მიწოდებაზე. ერთადერთი ქარხანა, რომელიც აკეთებს ამას, ეს არის პერმის ქარხანა, რომელიც არ გვაძლევს ამ ტრანსმისიას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ეს ნაწილები ჩამოგვქონდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნიდან, მაგრამ იქაც ამოიწურა რესურსი. აქედან გამომდინარე, ახლა რითიც ცოცხლობს ჩვენი ვერტმფრენები, არის ის, რომ ერთ ვერტმფრენს დაშლიან და მისი ნაწილებით აწყობენ დანარჩენებს", - აცხადებს შაშკინი.
შაშკინის თქმით, ამერიკული წარმოების იროკეზები, რომლებიც ასევე აქვს საქართველოს, მაღალ მთაში ვერ დაფრინავს.
"ეს არის ამერიკული ვერტმფრენები, რომლებსაც ძირითადად იყენებენ საზღვაო ქვეითები და არ არის გათვლილი მთაში ფრენაზე. ჩვენ კი ვერტმფრენები გვჭირდება მთაში", - აცხადებს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი და განმარტავს, რომ ვერტმფრენები თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაშია და თუ სხვა ორგანოს დასჭირდა - უნდა გამოითხოვოს.

"თუ თავდაცვის სამინისტრო ვერ ინახავს ამ ვერტმფრენებს, მაშინ ლოგიკურია არა გაყიდვა, არამედ მაგალითად შსს-სთვის გადაცემა, რომლის ბალანსზე ვერტმფრენები არ არსებობს და სამაშველო ოპერაციებისთვის იქნება გამოყენებული", - აცხადებს შაშკინი.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის საკუთრებაში არსებული ორი ფრანგული წარმოების ვერტმფრენის გასხვისების აკრძალვის შესახებ ბრძანება გამოსცა.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის თქმით, ქვეყნის პირველ პირს აღნიშნული ვერტმფრენების გასხვისებით სამხედრო ძალების დასუსტება დაუშვებლად მიაჩნია. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით კი, ხელისუფლებას SUPER PUMA-ს ტიპის ვერტმფრენების გაყიდვა მართლაც სურს. თუმცა, ამის მიუხედავად, სამინისტრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრო ბარნოვს "მთელი რიგი მცდარი ცნობების" გავრცელებაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ვერტმფრენების გაყიდვის აკრძალვის თაობაზე გამოცემული ბრძანების აქტი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

 

კომენტარები