ვერტმფრენების გასხვისება

ანდრო ბარნოვი: ვერტმფრენები სჭირდება ქვეყანას და არა მიხეილ სააკაშვილს

www.weeknews.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი გასაყიდი ვერტმფრენების თემას კიდევ ერთხელ ეხმაურება. ბარნოვმა ჰკითხა ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, თუ გაეცნო ბრძანების ტექსტს. ბარნოვის განმარტებით, იქ გარკვევით წერია, რომ საუბარია არა თავდაცვის ბალანსზე არსებული, არამედ - საქართველოს საკუთრებაში არსებული ვერტმფრენების შესახებ.

"რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეუძლია უმაღლეს მთავრსარდალს გამოსცეს ბრძანება ასეთი ქონების განკარგვის შესახებ, განვუმარტავ მთავრობას, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ვერტმფრენი არის ორმაგი დანიშნულების და ამის დასტურია ისიც, რომ ეს ე.წ. სამოქალაქო დანიშნულების ვერტმფრენები სწორედ თავდაცვის სამინისტროს აქვს განსაკარგად. ესეც არ იყოს, პრეზიდენტი არის არა შეიარაღებული ძალების, არამედ - სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და მინდა ვთხოვო მთავრობას, რომ ცოტა მეტად დაფიქრდნენ, სანამ განცხადებებს გამოაქვეყნებენ. ასევე, მინდა ორი სიტყვა ვთქვა იმ პროლეტარული აღშფოთების შესახებ, რომელიც მინისტრის განცხადებაში იკითხება, რომ თურმე სალონი სპეციალურად ყოფილა მოწყობილი პრეზიდენტის ბრძანებით. თავისთავად უცნაურია, როდესაც ყველაფერი მაღალხარისხიანი ჩვენი მთავრობის გაღიზიანებას იწვევს, შენობები იქნება ეს, სამხედრო თუ სამოქალაქო ტექნიკა. მაგრამ, მინდა დავუსვა მათ ეს კითხვა: რითი დაფრინავს, მაგალითად, პრემიერი ივანიშვილი? იმ თვითმფრინავს ხომ არ იყენებს, რომელზეც არჩევნებამდე მთელი წლის განმავლობაში სრულიად უშვერი ვაკხანალია იყო ატეხილი, რომ სააკაშვილმა თურმე გაბედა და თვითმფრინავი შეიძინა? ჩვენს თანამშრომლებს ვთხოვე, ამოებეჭდათ პრემიერის ბოლო ვოიაჟის ფოტოები და ვთხოვ მთავრობას, რომ მიპასუხოს - ეს ის თვითმფრინავი არ არის, რომელიც სააკაშვილის ბრძანებით იქნა შეძენილი და რომელიც თქვენს ასეთ აღშფოთებას იწვევდა? თუმცა, კარგია, რომ ამაზეც ვთანხმდებით - თურმე საჭირო ყოფილა, არა?" - აცხადებს ბარნოვი. მისივე თქმით, მთავრობას შეუძლია, ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის სამსახურს ან რომელიმე სხვა უწყებას გადასცეს, მაგრამ ისინი უნდა დარჩეს საქართველოში, რადგან ისინი სჭირდება ქვეყანას და არა სააკაშვილს ან პირადად ივანიშვილს ან კვირიკაშვილს.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - ეს ტექნიკა, ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა რამ, პრეზიდენტის სასახლიდან დაწყებული და პარლამენტის საუცხოო შენობით დამთავრებული, სჭირდება ქვეყანას და არა - რომელიმე კერძო პირს. კარგია, რომ ხელისუფლება ამას ნელ-ნელა აცნობიერებს. და ბოლოს, ფასისა და პრეზიდენტ სარკოზის როლის შესახებ. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ეს ვერტმფრენები უფასოდ გადმოგვეცა. ეს იყო ფრანგული კრედიტი საკმაოდ კარგი პირობებით, რაც, ცხადია, საბოლოო ფასზეც აისახა. ძირითადი მიზეზი იმისა, რომ გადმოცემის პროცედურებს ამდენი დროს დასჭირდა, სწორედ ისაა, რომ ეს სამხედრო დანიშნულების ტექნიკაა და არა, ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება, მთავრობის წევრებმა ინტერნეტში მაინც მოიძიონ ხოლმე ინფორმაცია, სანამ ოფიციალურ განცხადებებს გამოაქვეყნებენ?! ასეა თუ ისე, მინდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გავიმეორო ჩვენი პოზიცია: ეს ვერტმფრენები ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკაა და მათი გასხვისება დაუშვებელია. ისინი უნდა დარჩეს ქვეყანაში და მოემსახუროს ქვეყანას და საზოგადოებას", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მთავრობას მოუწოდებს - ბიუჯეტის შევსებას საზოგადოების უსაფრთხოების ხარჯზე ნუ შეეცდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმ ვერტმფრენების შეძენით, რომლის პრივატიზაცია პრეზიდენტმა შესაბამისი ბრძანებით აკრძალა, სერიოზული დილერები არ ინტერესდებიან, რის გამოც მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მათ დანიშნულება ისევ "ქვეყნის შიგნით" მოუნახონ. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვერტმფრენების გაყიდვას უწყება რამდენიმე თვეა ცდილობს, თუმცა ფასის გამო რეალიზაცია შეუძლებელია.

"სამწუხაროდ, ვერტმფრენების გაყიდვა ვერ მოხერხდა. რეალიზაცია ფაქტობრივად შეუძლებელი იყო იმ ფასად, რა ფასადაც იქნა შეძენილი. საბოლოო ჯამში, თუ ვერტმფრენები არ გაიყიდება, ჩვენ იმხელა ფასდაკლების გაკეთებას არ ვაპირებთ, რომ ამით ქვეყანას ზარალი მიადგეს. შესაძლოა მოინახოს მათი დანიშნულება ქვეყნის შიგნით", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ვერტმფრენებს სახელმწიფო დღეს რომ ყიდულობდეს, მათში იმ ფასს, რა ფასადაც ის შეიძინეს, არ გადაიხდიდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის საკუთრებაში არსებული ორი ფრანგული წარმოების ვერტმფრენის გასხვისების აკრძალვის შესახებ ბრძანება გუშინ გამოსცა.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის თქმით, ქვეყნის პირველ პირს აღნიშნული ვერტმფრენების გასხვისებით სამხედრო ძალების დასუსტება დაუშვებლად მიაჩნია. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით კი, ხელისუფლებას SUPER PUMA-ს ტიპის ვერტმფრენების გაყიდვა მართლაც სურს. თუმცა, ამის მიუხედავად, სამინისტრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრო ბარნოვს "მთელი რიგი მცდარი ცნობების" გავრცელებაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ვერტმფრენების გაყიდვის აკრძალვის თაობაზე გამოცემული ბრძანების აქტი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

კომენტარები