ვერტმფრენების გასხვისება

პრეზიდენტმა ორი ვერტმფრენის გასხვისების აკრძალვის შესახებ ბრძანება გამოსცა

www.weeknews.ge

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის საკუთრებაში არსებული ორი ფრანგული წარმოების ვერტმფრენის გასხვისების აკრძალვის შესახებ ბრძანება გამოსცა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის, თქმით, ქვეყნის პირველ პირს აღნიშნული ვერტმფრენების გასხვისებით სამხედრო ძალების დასუსტება დაუშვებლად მიაჩნია. 

"როგორც იცით, საქართველო არის მთაგორიანი ქვეყანა და ამ ტიპის ტექნიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამაშველო ოპერაციების საწარმოებლად. სამწუხაროდ, დღეს პრემიერის საკუთრებაში არსებული ერთი რუსული წარმოების ვერტმფრენის გარდა, სხვა მსგავსი ტიპის რუსული წარმოების ტექნიკის რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია, რაც აღნიშნული ფრანგული წარმოების ვერტმფრენების მნიშვნელობას ერთიორად ზრდის", - თქვა ბარნოვმა. 

ბარნოვის თქმით, აღნიშნული ვერტმფრენები საქართველოს საფრანგეთმა, უშუალოდ პრეზიდენტმა სარკოზიმ, გადასცა. 

"საზოგადოებას ალბათ ახსოვს, რომ პრეზიდენტ სარკოზის დახმარებით ჩვენ გადმოგვეცა ოთხი ვერტმფრენი, მაგრამ პროცედურების სირთულის გამო, დღემდე მხოლოდ ორის ჩამოტანა მოხერხდა. ახალ მთავრობას შეეძლო გაეგრძელებინა პროცედურები დარჩენილი ორი ვერტმფრენის ჩამოსატანად, თუმცა მან არჩია უკვე ჩამოტანილი ორიც გაესხვისებინა - როგორც ჩვენ ვიცით, კერძო პირებზე, ეს ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის დღევანდელი ბრძანება კრძალავს მათ გასხვისებას და სამხედრო ძალების ამგვარ დასუსტებას", - თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა. 

ანდრო ბარნოვმა თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამართული ავიაშოუც შეაფასა და საზოგადოებას შეახსენა, რომ ავიატექნიკის დიდი ნაწილი, რომლის დემონსტრირებაც დღეს მოხდა, "იმ ქარხანაშია წარმოებული, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ გააჩერა, მისი ხელმძღვანელი კი აიძულა ქვეყანა დაეტოვებინა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა". 

კომენტარები