საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაუწყებელი: ენმ-ის საარჩევნო ვიდეორგოლები კანონმდებლობას არღვევს

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის განმარტებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო სარეკლამო ვიდეორგოლები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს არ პასუხობს. მაუწყებლის განცხადებით, ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-2 მუხლის "ჯ" პუნქტის თანახმად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა განმარტებულია, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ - მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის (საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა) ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

"გარდა ამისა, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ჰ14" პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი შვიდი ვიდეორგოლიდან, ზემოთ ხსენებული საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს პასუხობდა მხოლოდ ერთი, რომელშიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, იდენტიფიცირებული იყო არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრით და პრეზიდენტობის კანდიდატით. შესაბამისად, სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მოკლებული იყო საშუალებას, დანარჩენი ვიდეორგოლები თავის ეთერში განეთავსებინა წინასაარჩევნო რეკლამის სახით. საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ განათავსებს წარმოდგენილ სარეკლამო ვიდეორგოლებს საეთერო ბადეში, როგორც კი მკაფიოდ იქნება იდენტიფიცირებული საარჩევნო სუბიექტი. აქვე, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის წარმოდგენისას დაიცვას ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" და "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები", - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარტიას წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის განთავსებაზე უარი უთხრა. მაუწყებლის ხელმძღვანელის  მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა, თუ რატომ უთხრა ენმ-ს უარი პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე.

"ეს რეკლამა სხვისი ანტირეკლამა კი არ უნდა იყოს, თავის თავზე თქვან, რა ვაჟკაცები არიან, რა გააკეთეს და ოცნებამ რა არ გააკეთა, ამას ეთერში არ მივცემ", - უთხრა ტყემალაძემ ინტერნეტგამოცემას. 

კომენტარები