სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახური ნინო ბურჯანაძის პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობას სწავლობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ ქმედებებს სწავლობს. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინტერესის სფეროში მოექცა პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო რეკლამა, რომელზეც ინფორმაცია "სათანადო წესით" არ იყო წარდგენილი.

"წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს N137/37 ბრძანების პირველი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამისთვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსებისთვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად და ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა", - ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსური მონიტორინგის სამსახური ასევე სწავლობს პარტიის მიერ წარდგენილ და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას საარჩევნო შტაბებისა და ოფისების გახსნის შესახებ, რომელზეც ინფორმაცია, მათი ცნობით, შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში წარდგენილი არ არის.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქველმოქმედო აქციისთვის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რაიონული ოფისის გამოყენების შესახებ მიღებულ ინფორმაციას სწავლობს. აუდიტის სამსახურის განმარტებით, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაციებმა აგვისტოში გურიის რეგიონში საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" მიერ განხორციელებული საქველმოქმედო აქციის შესახებ აცნობეს, რისთვისაც პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რაიონული ოფისი გამოიყენებოდა. 

"აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით მოკვლევა მიმდინარეობს. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეთა ყველა პოლიტიკური გაერთიანებას, მკაცრად დაიცვან ყველა მოქმედი ნორმა და საარჩევნო კამპანია აწარმოონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები