სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტმა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი მექვაბიშვილი დაამტკიცა

parliament.ge

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მექვაბიშვილი გახდა. პარლამენტმა მექვაბიშვილის კანდიდატურას 80 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. მისი კანდიდატურა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ წარადგინა. მექვაბიშვილი საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მთავარი ბანკირი იყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილება 25 ივლისს ამოეწურა. მას შემდეგ გენერალური აუდიტორის მოვალეობას მისი ყოფილი მოადგილე, ნინო ლომჯარია ასრულებს.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. გენერალურ აუდიტორს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. გენერალური აუდიტორის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ორჯერ შეიძლება, თუმცა ლაშა თორდია თანამდებობას მხოლოდ ერთი ვადით იკავებდა. ასევე არ შეიძლება, თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში გენერალური აუდიტორი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან სხვა პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს.

კომენტარები