ევრობასკეტი 2013

ვიქტორ სანიკიძე: ჩვენ გავიმარჯვეთ და ხორვატებთან უპირატესობა გვაქვს

ვიქტორ სანიკიძე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ, 4 სექტემბერს პოლონელთა გამანადგურებელი ანგარიშით ძლევან, დიდი გამოხმაურება ჰპოვა. თუ აქამდე ევრობასკეტის ყველა მონაწილე გუნდს შორის, ჩემპიონატის ვებგვერდმა საქართველო რეიტინგში 24-ე ადგილზე გაამწესა, ახლა სპეციალისტებმა დაინახეს რომ როგორც ჩანს ცდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდს ორი წამყვანი მოთამაშე - ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია აკლია, ასევე NBA-ელი მარტინ გორტატის ლიდერობით მოთამაშე პოლონელები, თითქმის ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას დღეს, თბილისის დროით 16:30 სთ-ზე, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. ხორვატებია გუშინ ჯგუფის და მთლიანად ტურნირის ფავორიტ ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდნენ, თუმცა მაინც ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებიან და კოკოშკოვის გუნდს მათთან, სრული მობილიზებით მართებს თამაში.

მოახლოვებულ მატჩებთან დაკავშირებით, კომენტარები საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა გააკეთეს.

"დღეს უფრო რთული თამაში იქნება ვიდრე პოლონეთთან იყო. ხორვატებმა შეისწავლეს ჩვენი თამაში უკვე შეისწავლეს, ტაქტიკაც, მაგრამ ჩვენც ვნახეთ მათი თამაში ესპანეთთან. მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. ვფიქრობ, ჩვენ მათთან უპირატესობა გვაქვს. რა თქმა უნდა ხორვატია ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ერთი თამაში ვითამაშეთ, დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ და თვითდაჯერებულები ვართ. ისინი მართალია ძლიერ ესპანეთთან დამარცხდნენ, მაგრამ მარცხი მაინც მარცხია და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩვენ ოდნავ წინ ვართ," - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

"მათ მაღალ ცენტრებთან ნათამაშები მაქვს - ტომიჩთან, ზორიჩთან, ასევე მარკოტასთან. ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია, ჰყავთ შესანიშნავი მსროლელები. მართალია ესპანეთთან დამარცხდნენ, მაგრამ დღეს გამოვლენ რომ თავის თამაში აჩვენონ. ჩვენის მხრივ, ისეთი დაცვა უნდა დავუპირისპიროთ, რომ ხორვატებს საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალება არ მივცეთ. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება და თუ გავიმარჯვეთ ძალიან მაგარი იქნება," - განაცხადა გიორგი შერმადინმა.

კომენტარები