ევრობასკეტი 2013

კოკოშკოვი: პოლონეთს საგანგებოდ შერჩეული ტაქტიკით ვეთამაშებით

იგორ კოკოშკოვი

დღეს, თბილისის დროით 16:30 წუთზე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს. ქართველები პოლონეთის გუნდს დაუპირისპირდებიან. 

იგორ კოკოშკოვის გუნდს ტრავმების გამო ორი წამყვანი მოთამაშე - ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია დააკლდებათ. სამწუხაროდ, NBA-ს მოთამაშეები სლოვენიის დედაქალაქში თანაგუნდელთა საგულშემატკივროდ ჩასვლას გეგმავდნენ, თუმცა ექიმების მოთხოვნით, აშშ-ში დარჩენა გადაწყვიტეს. პოლონეთს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, გუნდის ლიდერი კი ფენიქსის ცენტრი, მარცინ გორტატია. პოლონეთის ნაკრებშია ბარსელონას ცენტრი მაცეი ლამპე, რომელიც ასევე წამყვან მოთამაშედ ითვლება. 

შეხვედრამდე, კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა.

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს ხვალ. პოლონეთის ნაკრები ძალიან ძლიერია, ყველა რგოლში დაბალანსებულად დაკომპლოქტებული და ბრძოლისუნარიანი."

"რა თქმა უნდა, პოლონეთს საგანგებოდ შერჩეული ტაქტიკით ვეთამაშებით. ტაქტიკის შერჩევა ერთია და შესრულება მეორე. ყველაფერი ბიჭებზეა დამოკიდებული. ყველამ უნდა მოინდომოს და მაქსიმუმი გაიღონ, რათა წარმატების შანსი გვქონდეს."

"უკვე მე-6 წელია საქართველოს ნაკრებს ვწვრთნი და მინდა, ვთქვა, რომ გუნდს თავისი სახე აქვს და საკმაოდ გამოცდილია. ნაკრები ვერ არის ოპტიმალური შემადგენლობით, მაგრამ თავისი ძალა მაინც გააჩნია. ეს ამ მოსამზადებელ ეტაპზეც ვაჩვენეთ, სერბეთთან და ლიტვასთან ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა. კარგად ვითამაშეთ ასევე საფრანგეთთან პირველი ტაიმი. ნაკრები კარგ ფორმაშია და ევროპის ჩ ემპიონატზე წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს," - განაცხადა იგორ კოკოშკოვმა.

საქართველოსა და პოლონეთის საკალათბურთო ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

კომენტარები