27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ცესკო სამთავრობო დაწესებულებებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს

ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამთავრობო დაწესებულებების ურთიერთობის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს მოუწოდებს, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები საარჩევნო ადმინისტრაციასთან კოორდინირებულად განახორციელონ. ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების სრული შესაბამისობით და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ჩატარდეს. განცხადების მიხედვით, საქართველოს პრემიერის 4 სექტემბრის პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ამომრჩეველთა არსებულ სიებში დარღვევებია. ცესკოს შეფასებით, მსგავსი განცხადებები არ უწყობს ხელს საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და არჩევნების ნორმალურად წარმართვას.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო სიები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მყარ საფუძველს ქმნის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის. ამომრჩეველთა სიების ფორმირება ხდება სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებების - იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ხდება ამ მონაცემების გაერთიანება და საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგულარულად ხორციელდება ამომრჩეველთა სიის მონიტორინგი დაინტერესებული მხარეების მიერ. 2010 წელს 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ 100-100 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო და უშუალოდ განახორციელა ამომრჩეველთა სიების გადამოწმება. 2012 წელს შეიქმნა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია, რომელმაც "კარდაკარის" პროგრამა განახორციელა და რომლის მიერ მოწოდებული სიებით იხელმძღვანელა საარჩევნო ადმინისტრაციამ 2012 წლის 1- ლი ოქტომბრის არჩევნებზე. კომისიის მუშაობაში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული პოლიტიკური პარტია და სადამკვირვებლო ორგანიზაცია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ძალებით უახლოეს მომავალში, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დასრულებისთანავე, ვაპირებთ განვახორციელოთ "კარდაკარის" პროგრამა, რომლის დროსაც ამომრჩევლებს სპეციალური საინფორმაციო ბარათები დაურიგდებათ და შესაძლებლობა ექნებათ უშუალო და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სიების დაზუსტების პროცესში. ეს არის ცესკოსა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს ამომრჩეველთა სიებში ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას. ამასთან, ცესკო-ში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუძლიათ მოითხოვონ და მიიღონ ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსია და ნებისმიერი მეთოდით განახორციელონ მისი გადამოწმება. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ პოლიტიკოსებმა, მედიამ და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ მტკიცებულებების გარეშე ამომრჩეველთა სიებში არსებითი ხასიათის ნაკლოვანებებზე საუბრისაგან. ეს ამკვიდრებს უსამართლობის განცდას და ეჭვის ქვეშ აყენებს საარჩევნო პროცესის სანდოობას" - აღნიშნავს ცესკო. 

განცხადების მიხედვითვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 3 სექტემბერს განათლების სისტემის მუშაკებისთვის საარჩევნო კოდექსით დადგენილი შეზღუდვები განმარტა. ცესკოს შეფასებით, სასურველია, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა პრევენციული ღონისძიებების მცდელობები კოორდინაციაში იყოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან.

"განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზემოხსენებული განცხადების ის ნაწილი, რომლითაც, საუბნო საარჩევნო კომისიებში საქმიანობა თითქოსდა აკრძალულია საჯარო მოხელეებისათვის, არასწორად გაიგო პედაგოგთა ნაწილმა და ზოგიერთმა მათგანმა თავისი კანდიდატურა მოხსნა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობაზე გამოცხადებული კონკურსიდან. ამ ფაქტმა შეიძლება გარკვეული სიძნელეები შექმნას საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს. ასეთი სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით მოვუწოდებთ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები საარჩევნო ადმინისტრაციასთან კოორდინირებულად განახორციელონ",- ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

 

კომენტარები