27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

უწყებათაშორისი კომისიის წინასაარჩევნო რეკომენდაციები

იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს და პროკურატურას რეკომენდაციებით მიმართავს. რეკომენდაციები უწყებათაშორისმა კომისიამ 2 სექტემბრის სხდომაზე მიიღო.

კომისია ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ სხვადასხვა მედიასაშუალებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოშლისგან ნებისმიერი, მათ შორის, ლეგიტიმური საფუძვლით, რათა ეს არ იქნეს აღქმული წინასაარჩევნოდ მედიის შეზღუდვის მცდელობად. ასევე, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მედია საშუალებების თავისუფალ ფუნქციონირებას, რათა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს შეძლებისდაგვარად სრულფასოვანი ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე კანდიდატების, ასევე, ამომრჩეველთა უფლებების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. უწყებათაშორისი კომისია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ასევე მოუწოდებს, მათ სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისთვის გამოსცენ დეტალური და მკაფიო განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე/გამოქვეყნებამდე. ასევე, რა სანქციებია დაწესებული კანონის მოთხოვნების დარღვევებზე და როგორ არის დაცული მათი არჩევანის თავისუფლება და ფარულობა. გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, ხელისუფლების ორგანოებმა წინასაარჩევნო პერიოდში თავი უნდა შეიკავონ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების განხორციელებისაგან, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების (გამგებლების, საკრებულოს თავმჯდომარეების) თანამდებობიდან გადაყენებისაგან, რათა ეს არ იქნეს აღქმული საჯარო მოსამსახურეთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად.

უწყებათაშორისი კომისია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა და კანონმორჩილება. ასევე, თავი შეიკავონ სხვა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ღონისძიებების ორგანიზებაში ხელის შეშლისგან.

„ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი ან/და უკმაყოფილება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკოსის მიმართ, მაგრამ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა თავსდებოდეს კანონის ფარგლებში, პროტესტის ფორმა არ უნდა არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს და მან ხელი არ უნდა შეუშალოს პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკოსის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას. ამ მხრივ უწყებათაშორისი კომისია პოზიტიურად აფასებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას პარტიის რიგებიდან იმ წევრების გარიცხვის შესახებ, რომლებმაც ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მნიშვნელოვანია პარტიის განცხადება იმის შესახებაც, რომ მსგავსი აგრესიული ქმედებები განხორციელების შემთხვევაში პარტია კვლავაც მიიღებს მკაცრ ზომებს.“ - ნათქვამია კომისიის განცხადებაში. 

ასევე, უწყებათაშორისი კომისია პროკურატურის ორგანოებს შეახსენებს 2013 წლის შუალედური არჩევნებისას გაცემულ რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, სასურველია, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკითხვებისაგან თავის შეკავება კენჭისყრის დღემდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ან იქმნება საპროცესო ვადის დარღვევის საფრთხე. რეკომენდაციითვე, დაკითხვისაგან თავშეკავების რეჟიმი ასევე უნდა გავრცელდეს შესაბამისი საარჩევნო ოლქის/უბნის შტაბის აქტივის წევრებზე, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. ამ პირთა სია უწყებათაშორის კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა. სიაში შეყვანილ პირთა რაოდენობა უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს რეალობას. სია არ უნდა წარმოადგენდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის თავის არიდებისა და ხელშეშლის საშუალებას.

„საპრეზიდენტო არჩევნების მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარება სახელმწიფოს მიერ გაცხადებული უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. შესაბამისად, უწყებათაშორისი კომისია არ იზღუდება მხოლოდ კანონის მოთხოვნების დაცვით და მოუწოდებს ყველა საჯარო უწყებასა და საჯარო მოსამსახურეს, დაიცვან სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტები“ - აცხადებს უწყებათაშორისო კომისია.

 

 

კომენტარები