საქართველოს პარლამენტი

დღეიდან საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საპარლამენტო რეგლამენტის გათვალისწინებით დღეიდან საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს.

პლენარული სხდომები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის ცნობით, 4, 5 და 6 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში დგას, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა.ამასთან, იმერლიშვილის თქმით, ინიცირებული იქნება 160 კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომელიც ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედებულ კონსტიტუციასთან კანონების შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს. დეპუტატის განმარტებით, ამათგან ზოგი ტექნიკური ტიპის ცვლილებაა, ზოგიც - შინაარსობრივი ხასიათის.

გარდა ამისა, იმერლიშვილის ინფორმაციით, პარლამენტს უახლოეს სესიაზე პრეზიდენტის სამი ვეტოს დაძლევა მოუწევს. კერძოდ, დეპუტატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ვეტო "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტს, "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს და პარლამენტის მიერ მიღებულ იმ საკანონმდებლო ინიციატივას დაადო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს.

რეგლამენტი პარლამენტს შესაძლებლობას აძლევს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობა შეაჩეროს და არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში სხდომები არ გამართოს. თუმცა სავარაუდოდ პარლამენტი ამ უფლებას არ გამოიყენებს, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, საკითხების განხილვა ვერ მოესწროს.  

კომენტარები