რელიგიური შეუწყნარებლობა

სერგო რატიანი: ყოველ მეჩეთს უნდა იცავდეს ილიას სიტყვები

Sergo Ratiani
Tabula

ბოლო დროს ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში მუსლიმების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სრული უმოქმედობის შემდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა  მოახერხა და ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში აბსურდულიმოტივით მინარეთის დემონტაჟით იმგვარი უგუნურება ჩაიდინა, რომ უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გედევან ფოფხაძემაც კი აღიარა, ამ ადამიანებს პრობლემები აქვთ ინტელექტთანო. მან უბრალოდ არ დააზუსტა, რომ ამ ადამიანების ჯგუფს დღეს საქართველოს მთავრობა ეწოდება. იუსტიციის მინისტრის შემაშფოთებელი განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მინარეთის დემონტაჟი მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

სამწუხაროა, რომ დღეს გვჭირდება იმ სიტყვების გამეორება, რასაც ჩვენი გამოცდილების ხალხი ზურგის ტვინით უნდა გრძნობდეს, მაგრამ ამ ფონზე კიდევ ათასჯერ უნდა გავიმეოროთ, რომ არა უბრალოდ შემწყნარებლობა, არამედ განსხვავებული რელიგიების მიმართ პატივისცემა იყო თანამედროვე ქართული ეროვნული იდეის დამფუძნებელი მამების — ილიას, აკაკისა და ვაჟას მთავარი ღირებულება. 

ყოველმა „ტრადიციონალისტმა“, რომელიც დღეს „ქართული ტრადიციების“ დასაცავად განსხვავებული რწმენის თანამოქალაქეებზე ძალადობს, უნდა იცოდეს, რომ ერთადერთი ტრადიცია, რასაც ის იცავს, არის რწმენის თავისუფლების შეზღუდვისა და მორწმუნეთა დევნის საბჭოთა ტრადიცია.

სწორედ ამიტომ, დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ყოველ მეჩეთს უნდა იცავდეს წარწერა ილიას სიტყვებით:

"სარწმუნოების სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა თავისი სარწმუნოებისთვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც… არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმას, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს".

სამწუხაროდ, დღეს შეიქმნა ვითარება, როდესაც ჩვენმა მუსლიმმა თანამოქალაქეებმა უნდა შეახსენონ ზოგიერთ ჩვენგანს და მთავრობას ეს სიტყვები, რადგან საბჭოთა ტრადიციამ ამ მოწოდების ყოველი სიტყვა ამოატრიალა და დღეს არაერთი ქართველის სულისკვეთება შემდეგნაირად იკითხება: სარწმუნოების სხვადასხვაობა ჩვენ გვაშინებს. ქართველს, 70 წლიანმა მებრძოლი ათეისტურმა ეპოქამ ასწავლა სხვის რწმენის უპატივისმცემლობა ... ჩვენ გვაშინებს ის გარემოება, რომ ჩვენ ძმას, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს უკვე საუკუნეზე მეტია რაც შევუერთდით, ერთმანეთი ვიძმეთ, ჩვენდა სამარცხვინოდ, გვინდა მთელს ქვეყანას დავანახოთ, რომ ქართველი ერჩის ადამიანის სინდისს.

კომენტარები