თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინსტიტუტი: რელიგიური დევნა თვისობრივად ახალ ფაზაში გადადის

თავისუფლების ინსტიტუტი
liberty.ge

თავისუფლების ინსტიტუტი 26 აგვისტოს, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მეჩეთიდან მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეცრაზმის მიერ სოფელ ჭელაში მოქმედი მეჩეთიდან მინარეთის ბარბაროსული მეთოდებით დემონტაჟითა და ადგილობრივი მოსახლეობის სასტიკი დარბევით საქართველოში უმცირესობათა რელიგიურ დევნა თვისობრივად ახალ ფაზაში გადადის.

”თუ კი აქამდე ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან უმცირესობათა რელიგიური ჩაგვრის მიმართ მთავრობა წაყრუებისა და დაუსჯელობის პოლიტიკას ატარებდა, დღეს უკვე თავად სახელმწიფო აპარატი გვევლინება მოძალადის როლში. მომხდარზე იუსტიციისა და რეინტეგრაციის მინისტრების კომენტარი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჭელას ინციდენტი არ წარმოადგენს იზოლირებულ მოვლენას და რომ საქმე გვაქვს შუღლის გაღვივებისა და რელიგიური კონფლიქტის პროვოცირების მიზანმიმართულ პოლიტიკასთან.

კატეგორიულად მიუღებელია მინარეთების ყოფნა არ ყოფნის საკითხზე მსჯელობის დაწყების საჭიროების შესახებ იუსტიციის მინისტრის განცხადება. ქართველმა ხალხმა ამ საკითხზე უკვე იმსჯელა და მას ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა საქართველოს კონსტიტუციაში. იუსტიციის მინისტრის პოზიცია რადიკალურად უპირისპირდება სხვა და სხვა რელიგიების მშვიდობიანი თანაარსებობისა და უმცირესობათა შემწყნარებლობის ჩვენს ისტორიულ ტრადიციას.

საქართველოს კონსტიტუცია თანასწორად აღიარებს და იცავს ყველა აღმსარებლობის ადამიანის უფლებებს. ეს უფლებები მათ შორის გულისხმობს უფლებას აღასრულო საკუთარი რელიგიური რიტუალები როგორც პრივატულ სივრცეში, ისე საჯაროდ და ააშენო ნებისმიერი სახის საკულტო ნაგებობა.

მთავრობის წევრებმა საქართველოს კონსტიტუციისა და ისტორიული ტრადიციების კითხვის ნიშნის დაყენების ნაცვლად უნდა უზრუნველყონ სახელმწიფოს მიერ საკუთარ მოვალეობათა განუხრელი შესრულება – თანაბრად დაიცვას ნებისმიერი რელიგიის მიმდევრის კონსტიტუციური უფლებები, ხოლო მათი ხელყოფის შემთხვევაში – მიიღოს ყველა ზომა დარღვეული უფლების აღსადგენად და დამნაშავეთა დასასჯელად.” - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები