საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქო: მამა ნიკოლოზ ტაბაღუა შეუფერებელი ქცევისთვის დაისაჯა

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა მიქაელ ბოტკოველი ტაბულასთან საუბარში ადასტურებს, რომ მღვდელი ნიკოლოზ ტაბაღუა, რომელიც აცხადებდა, რომ ექსმინისტრ ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურა ჩვენების მიცემას აიძულებდა, მღვდელმოქმედების შეჩერებით დაისაჯა.

კითხვაზე, კონკრეტულად რომელი საეკლესიო კანონის დარღვევისთვის შეეფარდა მას სასჯელი, მამა მიქაელმა ტაბულას მოკლედ უპასუხა: "სასულიერო პირისთვის შეუფერებელი ქცევა".

"ისინი ითხოვდნენ ჩვენების მიცემას. ჩვენება შეეხებოდა ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე, აფციაურის სასჯელის მოხდის პერიოდს. ისინი ითხოვდნენ ჩემგან არარსებული ფაქტების დადასტურებას, რომ ცრუ ჩვენება მიმეცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. პირდაპირ, მუქარით მითხრეს, რომ თუ არ მოხერხდებოდა იმ ფაქტების დადასტურება, რაც მათ აწყობდათ, მოხდებოდა ციხის ყოფილი თანამშრომლის, 7 პირის, მათ შორის ჩემი დაკავება", - აცხადებს მამა ნიკოლოზი ვიდეოჩანაწერში, რომელიც ბაჩანა ახალაიას ადვოკატებმა გაავრცელეს.

მოგვიანებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მამა ნიკოლოზის ბრალდებებთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა დაიწყო.

ამასთან, მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წელს სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავდებულები პირები: გ. ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური, სასჯელს იხდიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-10 დაწესებულებაში, რომლის დირექტორიც 2006-2011 წლებში გახლდათ თემურ ტაბაღუა (ამჟამად მამა ნიკოლოზი).

"თემურ ტაბაღუას დირექტორობის პერიოდში მსჯავრდებულები გ. ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური იმყოფებოდნენ პატიმრობასთან შეუთავსებელ უკანონოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. კერძოდ, ისინი პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს - შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

აღსანიშნავია, რომ 17 მაისის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე მღვდლები ეკლესიას საეკლესიო სამართლის არც ერთი სასჯელით, მათ შორის არც გაფრთხილებით არ დაუსჯია. ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ძალადობრივ დარბევაში კი თავად მონაწილეობდნენ როგორც ქორეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი, ისე საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მიქაელ ბოტკოველი.

 

კომენტარები